FAO საქართველოში

ევროკავშირმა და FAO-მ ვაზის ვირუსის იდენტიფიცირების საკითხებში საფრანგეთში საქართველოს კვლევითი ცენტრის სპეციალისტები გადაამზადეს

22/02/2022

საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტები საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრებში გადამზადდნენ. სასწავლო ტური ევროკავშირისა და FAO-ს მიერ, EU4Business პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

უკვე ცნობილია, რომ 2024 წლიდან სანერგე მასალების სერტიფიცირება საქართველოში სავალდებულო ხდება, სწორედ ამიტომ სასწავლო ტურის მიზანი ვაზის დაავადების კონტროლისა და ინსპექტირების სფეროში საჯარო მოხელეების პროფესიული ცოდნის ამაღლება იყო.   ახალი ცოდნა საჯარო უწყებებს დაეხმარება ვაზის ნერგების ხარისხის შემოწმებასა და კონტროლში. ეს თავის მხრივ,  სანერგეებში სერტიფიცირებული და ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებას შეუწყობს ხელს.

სასწავლო სესიებს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში უძღვებოდნენ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს  ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის გარემოსა და აგრონომიის, მცენარეთა ბიოლოგიისა და ახალი ჯიშების გამოყვანის დეპარტამენტების მეცნიერები, მკვლევრები და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის Bordeaux Sciences Agro-ს  მეცნიერები და ლექტორები.  

„ჩვენთვის ძალიან ღირებულია, როდესაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები გვიზიარებენ ვაზის ვირუსების იდენტიფიცირების მეთოდებს. გავეცანით სინჯის აღებისა და  მომზადების ახალ ტექნიკას, აგრეთვე ვირუსის გადამტანი ნემატოდებისთვის ნიადაგის სინჯის აღების მეთოდს“, - განაცხადა სასწავლო ვიზიტის ერთ-ერთმა მონაწილემ, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნებლების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეთერ გვრიტიშვილმა.

 „ტრენინგების სესია მოიცავდა მრავალ მნიშვნელოვან მიმართულებას. ვაზის ფიტოპლაზმური დაავადების გამოვლენისა და კონტროლის შესახებ მიღებული ცოდნა დაგვეხმარება ჯანსაღი ვაზის წარმოებაში, რაც წაადგება არა მხოლოდ ჩვენს ლაბორატორიას, არამედ, ზოგადად, საქართველოს მევენახეობას. შედეგად,  სწრაფად განვითარდება დაგეგმილი სერტიფიცირების პროცესები“, – განაცხადა ტრეინინგის კიდევ ერთმა მონაწილემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა მიკროკლონური გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალების კვლევითი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეკლე ზაკალაშვილმა.

ქართული ვაზის სანერგეებს აქვთ ენდემური სადედე კოლექციების სათანადო ფიტოსანიტარულ მდგომარეობაში შენარჩუნების პრობლემა. დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ადგილობრივი წარმოების არასერტიფიცირებული  ვაზის ნერგების რეალიზაცია წარმოადგენს.

„საქართველოში არსებული ვაზის სანერგეები ჯერ კიდევ ვერ პასუხობენ ბაზრის მოთხოვნებს და წარმოებული პროდუქციაც არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს. ქართველ მევენახეებს ევროპიდან ქართული ვაზის ჯიშის ნერგების შემოტანაც კი უწევთ. ამის გათვალისწინებით, FAO და ევროკავშირი მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას, რათა უკეთ გააკონტროლონ ადგილობრივად წარმოებული და რეალიზებული ნერგების ხარისხი“, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, EU-FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა.

ევროკავშირის ინოვაციური პროექტი „კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“ არის ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივა, რომელიც 2019 წელს დაიწყო  5 მილიონიანი ევროს ბიუჯეტით. პროექტის მიზანია მთავრობისა და ადგილობრივი თვითმართველობების შესაძლებლობების გაძლიერების გზით მეწარმეობის გაღრმავება და ბიზნესის განვითარება სამიზნე კლასტერების განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების მხარდაჭერით უშუალოდ სტრატეგიული ინვესტიციებითა და დიასპორის ჯგუფებთან გაუმჯობესებული კავშირებით, ასევე ბიზნესისთვის ამ სტრატეგიების ეფექტურობის დემონსტირებით.