FAO საქართველოში

ევროპის გუნდი და FAO დმანისში ხორცისა და რძის სექტორებს მოდერნიზაციაში ეხმარებიან

08/04/2022

ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა დმანისში დაფინანსებული ორი პროექტი მოინახულეს.

დელეგაცია ესტუმრა დმანისის მეცხოველეობის ფერმას, რომელმაც გასულ წელს თანადაფინანსება მიიღო ერთ მილიონ ლარმე მეტი ინვესტიციისთვის, რომლის ფარგლებშიც ცხოველთა საკვების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა შეიძინა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე ესტუმრა დმანისში მდებარე „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას“, რომელთანაც FAO-მ  ხელი მოაწერა 400,000 ლარის ღირებულების კონტრაქტს. ევროკავშირისა და FAO-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სკოლას მესაქონლეობის, მერძევეობისა და ყველის წარმოებისთვის საჭირო სასწავლო ინვერნარი და ტექნიკა დაუფინანსდება.

ორივე ინვესტიცია დმანისის მუნიციპალიტეტში რძისა და ხორცის წარმოების სექტორის მხარდაჭერას წარმოადგენს და ნაწილია ევროკავშირისა და FAO-ს საგრანტო პროგრამის, რომელიც ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით 250-მა ფერმერმა, კოოპერატივმა და მცირე და საშუალო ბიზნესმა სასოფლო-სამეურნეო გრანტი მიიღო, რომლის საერთო ბიუჯეტი 16.3 მილიონი ლარია. კაპიტალური ინვესტიციების თანადაფინანსების საგრანტო მხარდაჭერა მიზნად ისახავს მოსავლის, წარმოებისა და სექტორის მდგრადობის გაზრდას და გაძლიერებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და სურსათის მიწოდების არასტაბილურობის პრევენციას. ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ფარგლებში გამოყოფილი  გრანტები, 1000-დან 150,000 აშშ დოლარამდე, საინვესტიციო ხარჯების 40 პროცენტიანი თანადაფინანსებით, მცირე, საშუალო და მსხვილ მწარმოებლებს გადაეცემა, სასოფლო-სამეურნეო მანქანების და დანადგარების, გადამამუშავებელი თუ სასაწყობე ნაგებობების აღსაჭურვად.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, სიგრიდ ბრეტელმა, FAO-ს,  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებმა. 

დმანისის მეცხოველეობის ფერმა, რომელიც 2017 წელს დაარსდა, ხორცის ერთი-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. 462,000 ლარიანი საგრანტო დაფინანსებით, რომელიც ევროკავშირის და FAO-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიიღო, ფერმამ საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა შეიძინა.

2018 წელს დაარსდა „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“, შვეიცარიული მოდელის მიხედვით შექმნილი პირველი პროფესიული განათლების სასწავლებელი აგრო მიმართულებით. მერძევეობის ფერმა და ყველის საწარმო სკოლის ბაზაზე აშენდა, რათა სტუდენტებმა პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.

„რადგან ეს არის არაკომერციული სასწავლებელი, ყველის ქარხანა უნდა იქცეს სამომავლოდ ამ კოლეჯის ფინანსური სტაბილურობის გარანტად. ამიტომ მოეწერა ხელი საგრანტო ხელშეკრულებას FAO-სთან. ეს არის 400 000 ლარიანი ინვესტიცია, საიდანაც 40 პროცენტი ფინანსდება გრანტით. ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, ძალიან მალე შევიძენთ დამატებით აღჭურვილობას საწარმოსთვის“, - განაცხადა თინათინ მახარაძემ, „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ დირექტორმა.

„რძისა და ხორცის სექტორები საქართველოს სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია, რომლებიც ქვეყნის გრძელვადიან სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ინვესტიციები და გაუმჯობესებული აგრარული განათლება საქართველოში ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია, რომ ეს ორი პროექტი ევროპული სტანდარტის ტექნოლოგიებს ნერგავს. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას სხვადასხვა პროგრამით“, - განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა.

„ყველა დაფინანსებული კომპანია იყენებს თანამედროვე მიდგომებს უკეთესი წარმოებისა და განვითარებისთვის. დმანისის მეცხოველეობის ფერმა ამის კარგი მაგალითია. წარმოების ინტენსიურობის გაზრდით, ცხოველთა საკვების ადგილზე დამზადებით, ადაპტირებული ჯიშის გამოყვანით, მუდმივი კლიენტების მოზიდვით და შესანიშნავი მენეჯმენტით, ეს პროექტი აწესებს ახალ სტანდარტს საქართველოში ხორცის წარმოების მიმართულებით,“ - ამბობს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ევროკავშირის პროგრამის კოორდინატორი.

საგრანტო დაფინანსება ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერაა აგრომწარმოებლებისთვის, რომლებსაც სურთ, თავადაც განახორციელონ თანადაფინანსება. საგრანტო პროგრამის შემდეგი ციკლი 2022 წლის აპრილში დაიწყება. ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: https://eu4georgia.eu/enpard-faogrant/

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების შესახებ 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. 

პროექტს „სოფლის მეურნეობის სექტორის გაუმჯობესება საქართველოში“ FAO ახორციელებს 12 მილიონი ევროს ბიუჯეტით, ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში. მისი მიზანია სოფლად არსებული შინამეურნეობების, სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, მომსახურებისა და წარმოების გაუმჯობესება, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შესაძლებლობების გაზრდა, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუანარიანობის ასამაღლებლად.