FAO საქართველოში

ახალგაზრდა აგრონომები თანამედროვე სოფლის მეურნეობას სწავლობენ

01/04/2022

ექვსი ახალგაზრდა აგრონომი შეუერთდა სტაჟირების პროგრამას, რომელიც უკვე მეოთხე წელია FAO-ს მიერ, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. სტაჟიორები ექვსთვიან პრაქტიკულ საველე სწავლებას ლიდერი ფერმერების მიწის ნაკვეთებზე, FAO-ს ადგილობრივი და საერთაშორისო აგრონომების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან.

სტაჟირებაში მონაწილეობას იღებენ აგრონომიის ფაკულტეტების კურსდამთავრებული და გამოსაშვები კურსის სტუდენტები, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდები შეისწავლონ.

ახალგაზრდა აგრონომებმა პირველი პრაქტიკული ტრენინგი მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ლიდერი ფერმერის ნაკვეთზე გაიარეს. FAO-ს აგრონომიის და ექსტენციის სპეციალისტებმა მათ საველე სწავლება ჩაუტარეს თემებზე: ჩითილების წარმოება და ტრანსპლანტაცია, ნიადაგის კვება, წვეთოვანი მორწყვა და ნიადაგის ანალიზი. ასევე, ისაუბრეს თანამედროვე კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო მეთოდების, მავნებლების ინტეგრირებული მართვის, და მარცვლეულის წარმოებაში, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიის შესახებ.

„ეს გამოცდილება ფასდაუდებელია, FAO-ს ექსპერტებისგან და ფერმერებისგან სწავლა მნიშვნელოვნად გამომადგება სამომავლო კარიერაში. ვიცი, რომ ნაკვეთებზე პრაქტიკული მუშაობის საშუალება მექნება, სადაც ჩემს თეორიულ ცოდნასაც გამოვიყენებ“, - ამბობს ლიკა ტაკიძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, მეოთხე კურსის სტუდენტი, რომელიც ევროკავშირის და FAO-ს სტაჟირების პროგრამაში ახლა ჩაერთო.

ფერმერებთან ერთად მუშაობის საშუალება ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია. თითოეული სტაჟიორი დროის უმეტეს ნაწილს FAO-ს სადემონსტრაციო ნაკვეთებზე, ფერმერებთან ერთად გაატარებს, სოფლის მეურნეობის საუკეთესო მეთოდებისა და მიდგომების დანერგვაში.

„სტაჟირების ყველა მონაწილე, ექვსი თვის განმავლობაში შეძლებს მუშაობას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, სადაც ისინი მცენარის წარმოების ყველა ფაზაში მიიღებენ მონაწილეობას - ჩითილების გადარგვიდან საბოლოო მოსავლის აღებამდე“, - ამბობს რუსუდან ქობალია, FAO-ს ექსტენციის კოორდინატორი. 

სტაჟირების პროგრამა FAO-ს და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს და მასში, მთლიანობაში, 22-მა სტაჟიორმა მიიღო მონაწილეობა. სტაჟირების მორიგი ციკლი 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

„საქართველოს სასწრაფოდ ესაჭიროება მეტი ახალგაზრდა ტექნიკური სპეციალისტი სოფლის მეურნეობის სექტორში, მათ შორის, აგრონომები, ვეტერინარები და კვების ტექნოლოგები. სტაჟირების ამ პროგრამით FAO და ევროკავშირი საქართველოში ექსპერტების ახალ თაობას უჭერენ მხარს. ისინი დიდ როლს ითამაშებენ სოფლის მეურნეობის სექტორის ხარისხობრივ, რაოდენობრივ და მდგრაგ განვითარებაში, უახლოესი 40 წლის განმავლობაში“, -  განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტის კოორდინატორმა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება.  მეტი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://eu4georgia.eu/enpard/.