FAO საქართველოში

ავსტრიის დელეგაცია FAO-ს პროექტების ბენეფიციარებს ესტუმრა

17/06/2022
ცნობილი ავსტრიული გამოცემის, Kronen Zeitung-ის რედაქტორმა გრეგორ ბრენდლიმ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და FAO-ს წარმომადგენლებმა შიდა ქართლში ავსტრიის მიერ მხარდაჭერილი FAO-ს პროექტების ბენეფიციარები და პროექტები მოინახულეს.
 
დელეგაცია შიდა ქართლში სოფელ ტკოცას ესტუმრა, სადაც საჯარო სკოლას ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცა, სათემო გრანტების კომპონენტის ფარგლებში. იგივე სოფელში, 14 ოჯახისთვის წყლის პრობლემა გადაიჭრა, წყლის მიწოდების თანამედროვე სისტემის დამონტაჟებით. სტუმრები ატენის თემში მიტრას მარანსაც ესტუმრნენ, რომელსაც ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა.
 
ბოლო სამი წლის განმავლობაში,  სოფლად მცხოვრებმა 600-ზე მეტმა  ადამიანმა FAO-ს და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) პროექტის სათემო თუ ინდივიდუალური საგრანტო დაფინანსება მიიღო. ერთობლივი პროექტი, რომელიც სოფლისა და თემის განვითარებას, მოსახლეობის კომერციული საქმიანობის გაძლიერებას, შემოსავლების ზრდას, სოფლად მცხოვრები ქალების შრომის დაზოგვას ისახავს მიზნად,   შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თემებში განხორციელდა. ინვესტიციების დახმარებით,  მაცხოვრებლებს საშუალება მიეცათ, თემში არსებული ძირითადი პრობლემები გადაეჭრათ - მოეგვარებინათ სასმელი თუ სარწყავი წყლის პრობლემა, საჭირო მოწყობილობებით აღეჭურვათ ამბულატორია თუ სკოლა. გარდა ამისა, მათ დაუფინანსდათ ინიციატივები მეფრინველეობის, მეფუტკრეობის, რძის წარმოების და სხვა დარგებში.
 
მთლიანობაში, პროექტის ფარგლებში, 4 თემში 200 000 ლარამდე ოდენობის 10 სათემო გრანტი გაიცა. დაფინანსება სოფლებში წყლისა თუ სარწყავი სისტემების გამართვას, სასკოლო საფეხბურთო გუნდის აღჭურვასა თუ სხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ, მაგრამ ცალკეულ თემებზე მორგებულ საჭიროებებს მოხმარდა; იმ მიმართულებებს, რაც ამა თუ იმ თემს, მათივე გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის ცხოვრების განვითარებაში დაეხმარეობდა. მსგავსი პრინციპით შეირჩა ინდივიდუალური გრანტებიც, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 2018-2021 წლებში დაახლოებით 800 000 ლარი შეადგინა.