FAO საქართველოში

25 წლის ფერმერი ამბიციური გეგმებით

09/08/2022

ანა ჯგერენაია 25 წლის ფერმერია მარტვილის რაიონის სოფელ გურძემიდან. სამ და-ძმასთან და ახალგაზრდა მშობლებთან ერთად, ბავშვობიდან აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში. ახლა შვიდ მერძეულ ძროხას და ხუთ თხას უვლის და საოჯახო რძის წარმოების თითქმის ყველა ეტაპს თვითონ ხელმძღვანელობს. ამავდროულად, ბიოლოგიის მიმართულებით, მაგისტრატურაზე სწავლობს.

ანას ყოველთვის სურდა, მისი ოჯახისა და სოფლის სასიკეთოდ რაიმე შეეცვალა. სჯერა, რომ ხელშესახები შედეგი მხოლოდ დაუღალავ შრომას და საქმისადმი ერთგულებას მოაქვს. ფიზიკურად დახმარებასთან ერთად, ოჯახისთვის საჭირო იყო ადამიანი, ვინც მათ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მიდგომებს გააცნობდა და  ფინანსური სახსრების მოზიდვაზე იზრუნებდა.  

ამიტომაც, ახალგაზრდა ფერმერი სხვადასხვა საგრანტო პროგრამას გაეცნო და მოიპოვა კიდეც ფინანსური მხარდაჭერა საძროხის ასაშენებლად, მზის გათბობის სისტემისა და საწველი აპარატის შესაძენად. ამავდროულად, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში ჩაერთო.

ერთ-ერთი მათგანია პროექტი „ქალი ფერმერების მხარდაჭერა მცირე ზომის მერძეულ წარმოებაში“, რომელსაც FAO ახოციელებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით. ამ პროექტის ფარგლებში შექმნილ ფერმერთა საველე სკოლაში მონაწილეობით, ანას სურს, წარმოება გააუმჯობესოს და შეისწავლოს რძის ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა და ინოვაციური ტექნოლოგიები. ფერმერთა სკოლების სესიებზე ანა ეცნობა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ბაზრის საჭიროებები, საქართველოს კანონმდებლობა სურსათის უვნებლობის შესახებ და მათი მიმართება მეურნეობასთან.  

„მინდა მივმართო სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს: მესმის რომ სოფლის ცხოვრება რთულია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. ეკონომიკური სიდუხჭირე და სოფელში არსებული სიძნელეები ახალგაზრდების სოფლიდან და ქვეყნიდან გადინების ძირითადი მიზეზებია. ახალგაზრდები შესაძლებლობებს საზღვარგარეთ ეძებენ, მაგრამ, მჯერა, რომ დაუღალავი მუშაობით შენს სამშობლოშიც შეგიძლია ბევრს მიაღწიო“, - ამბობს ჯგერენაია.  

ახალგაზრდა ფერმერი ქალი აქტიურად ესწრება FAO-ს მხარდაჭერით შექმინლ მერძევეთა ფერმერულ საველე სკოლას. იქ შესწავლილი ახალი ტექნოლოგიებით მან და მისმა ოჯახმა უკვე დაძველებული იტალიური ყველის წარმოება დაიწყეს.

პროექტის ფარგლებში ანა ჯგერენაიას გადაეცა რძის პასტერიზატორი და  ცხოველთა კეთილდღეობისა და რძის პროდუქტების გამრავალფეროვნებისათვის საჭირო სხვადასხვა ინვენტარი. ეს აღჭურვილობა კარგი საშუალებაა, ფერმერულ სკოლაში მიღებული ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენონ. ამავე პროექტის ფარგლებში, ანასა და სხვა ქალებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN) ატარებს ტრენინგებს ბიზნესსა და სამეწარმეო საქმიანობაში - რაც მას და სხვა ქალებს წარმოების გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ პროექტში, სხვა საკითხებთან ერთად, დავარგებული ყველის თანამედროვე ტექნოლოგიები შეისწავლა, ანა უკვე ახალი იდეისთვის ეძებს ფინანსურ შესაძლებლობებს. მისი საპროექტო იდეა გულისხმობს ყველის დასაძველებელი ოთახის აშენებას და სადემონსტრაციო სივრცის მოწყობას ტურისტებისთვის.

დაძველებული ყველის წარმოების ყველაზე დიდი პლიუსი მდგომარეობს იმაში რომ, ტრადიციული ყველები მალფუჭებადია და ფასებიც სეზონზეა დამოკიდებული, არასტაბილურია, დავარგებული ყველის შემთხვევაში კი ფასები დროსთან ერთად იზრდება. თან, ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საკუთარ პროდუქტზე ფასების დაწესების შესაძლებლობა არ მაქვს და, მეტწილად, გადამყიდველებზე ვართ დამოკიდებული. ახალი პროდუქტი კი მომცემს საშუალებას, თავად შევაფასო ჩემი ნაშრომი“ , - ამბობს ფერმერი.

სოფლად მცხოვრები ქალები საქართველოში რძის წარმოების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ამ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, FAO და გაეროს ქალთა ორგანიაცია ერთიანდებიან, რათა ქალებმა მეტი და უკეთესად აწარმოონ და სურსათის უვნებლობა უზრუნველყონ. ამასობაში, ჩვენ მათ ბიზნესგანათლებაზე ვზრუნავთ, რათა საქმიანობა უფრო მომგებიანი გახადონ. ანა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, მცირე ტექნიკური დახმარებით შიდამეურნეობების ეკონომიკა განვითარდეს“, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა.

შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი მხარს უჭერს პროექტს და მიზნად ისახავს ქალების შემოსავლის ზრდას, რაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში სიღარიბის შემცირებას შეუწყობს ხელს. მოხარული ვართ, როცა ვხედავთ ამ პროექტის შედეგს - როგორ უმჯობესდება სოფლად ქალებისა და კაცების ცხოვრება და იმედი გვაქვს, ანას წარმატება სხვა ბენეფიციარებისთვისაც შთამაგონებელი აღმოჩნდება“, - განაცხადა შვეიცარიისთანამშრომლობისოფისისსამხრეთკავკასიისრეგიონალურმა დირექტორმა, დანიელმეულიმ.  

პროექტი „ქალი ფერმერების მხარდაჭერა მცირე ზომის მერძეულ წარმოებაში“ ხორციელდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს ქალთა ორგანიზაციიის (UN WOMEN) მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს  (SDC) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი დაიწყო 2020 წლის ოქტომბერში და 2024 სლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.