FAO საქართველოში

საქართველოს ამბიციური გზა მდგრადი აგროტურიზმისკენ

27/09/2022

რამდენიმე თვის წინ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქართველი შეფის, გურამ ბაღდოშვილის პირდაპირ ტრანსლაციას ინსტაგრამზე უმასპინძლეს. FAO-სა და EBRD-ის საერთაშორისო აუდიტორიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გურამ ბაღდოშვილმა ტრადიციული ქართული ხინკლის მომზადება ასწავლა.  

ეს სესია ერთ-ერთი იყო იმ ღონისძიებებიდან, რომლებსაც EBRD და FAO საქართველოში მდგრადი აგროტურიზმის მხარდასაჭერად ახორციელებენ.

საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია ტურისტებისთვის. მის განუმეორებელ ბუნებას უნიკალური გასტრონომიული ნიმუშები ერწყმის. ხინკლის მსგავსად, არაერთი რეცეპტი ქართულმა სამზარეულომ საუკუნეების განმავლობაში შემოინახა.

წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა ტურიზმის გადააზრებაა. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი რესურსი, აგროტურისტული ინდუსტრია პასუხისმგებლიანი, ინკლუზიური და ეკომეგობრული მიმართულებით განავითაროს.  

სწორედ ამ საკითხში მხარდასაჭერად - საგზაო რუკის განვითარებით, ტრენინგების ორგანიზებითა თუ თემატური მასალების პოპულარიზაციით - FAO-მ და EBRD-მა პარტნიორობა დაიწყეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ბიოლოგიურ მეურნეობა „ელკანასთან“ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან.

საქართველოს სურს, ტურისტებს შანსი მისცეს, დააგემოვნონ ავთენტური ქართული საკვები და სასმელები, ისიამოვნონ გარე აქტივობებით, გაეცნონ ფლორას და ფაუნას, ისტორიულ რეცეპტებს და ტრადიციებს, რომლებიც ქართულ სამზარეულოს გამორჩეულს ხდის.  

EBRD და FAO მიიჩნევენ, რომ აგროტურიზმის ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესაძლებლობები ხელს შეუწყობს ტურისტებისა და სოფლის მოსახლეობის საჭიროებების დაბალანსებას. ამავდროულად, აგროტურიზმს შეუძლია გარემოზე არასასურველი ზეგავლენა შეამციროს.

„ჩვენი აქტივობები მიმართულია ადგილობრივი რესურსის შექმნის, ცოდნისა და რჩევების გაზიარებისკენ, დაწყებული კანონდებლობის გაცნობითა და ინვესტიციებით, რომლებიც საჭიროა ინდუსტრიის მდგრადობის გასავითარებლად, გაგრძელებული გასტრონომიული მარშრუტებით, აგროტურისტულ ადგილებთან დაკავშირებული სალაშქრო ბილიკებით და - დასამახსოვრებელი ტურისტული გამოცდილებების შესაქმნელად - მომსახურებისა და პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებით“, - ნემანია გრგიჩი, კონსულტაციები აგრობიზნესში, მთავარი მენეჯერი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

ადგილობრივი გასტრონომიის წარმოჩენა

EBRD-ისა და FAO-ს ინიციატივის ფარგლებში, აგროტურიზმის ხელშესაწყობად და ადგილობრივი პროდუქტის წარმოსაჩენად, სამცხე-ჯავახეთსა და თუშეთში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყო.

ჩატარდა ტრენინგების სერიები აგროტურისტული მეურნეობისა და სასტუმრო-სარესტორნო სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებისთვის; აგროტურიზმზე, მის განვითარებასა და ბრენდინგზე ორიენტირებული მცირე მწარმოებლებისთვის. მონაწილეებმა შეისწავლეს, თუ როგორ გახდნენ სხვა ქვეყნები - იტალია, ხორვატია და სლოვენია - აგროტურისტული დანიშნულების ადგილები, ასევე, თუ როგორ შექმნა და მართავს ერთ-ერთი ქართული რეგიონი ჩაის ტურისტულ მარშრუტს.

მონაწილეებმა ასევე ისწავლეს, როგორ გააუმჯობესონ წითელი დოლის წარმოება, რომელიც გლუტენის დაბალი შემცველობის, უძველესი ქართული ხორბლის სახეობაა; შეისწავლეს წითელი დოლის ხორბლის ფქვილისგან დამზადებული პროდუქტის შეფუთვის, ეტიკეტირების, ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და მარკეტინგის შესახებ.

ასევე, ჩატარდა ტრენინგი კარგი ჰიგიენის პრაქტიკასა (GHP) და უვნებლობის პრაქტიკაზე, რომელიც ადაპტირებული იყო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართული ყველის - ტენილის - მცირე მწარმოებლებისთვის.  როგორც წითელი დოლის შემთხვევაში, ტენილის შესახებ ტრენინგებზეც განიხილეს მისი მიწოდების ჯაჭვის ხარისხისა და მომხმარებლებთან მის აუთენტურობაზე კომუნიკაციის საკითხები.

მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი გზა ფესტივალები და ღონისძიებებია. სამცხე-ჯავახეთში, „ელკანას“ კონსერვაციის მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანმა“ პურისა და ყველის ფესტივალს უმასპინძლა.

“სტუმრებს წარვუდგინეთ სხვადასხვა ხორბლის სახეობა და გემრიელი, ადგილობრივი ხორბლის ნაირსახეობისგან გამომცხვარი სურნელოვანი და საკვები ღირებულებებით მდიდარი პური - ხორბლისგან, რომელსაც ქართველების სხვადასხვა თაობა ზრდიდა, - განაცხადა მარიამ ჯორჯაძემ, „ელკანას“ დირექტორმა, - ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, ჩავატარეთ პურის ცხობის, ტენილი ყველისა და რეგიონიდან ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასები, დღის ბოლოს კი მონაწილეებს ხორბლისა და პურის შესახებ გასართობი ქუიზი შევთავაზეთ“.

ადგილობრივი ეკონომიკის გაცოცხლება

EBRD-ისა და FAO-ს ინიციატივის ფარგლებში მოეწყო მედიატური, რომელიც მიზნად ისახავდა ტუროპერატორებისა და ინფლუენსერებისთვის სამცხე-ჯავახეთისა და თუშეთის აგროტურიზმის შესაძლებლობების გაცნობას.

ჯგუფებმა ღამე აგროტურისტულ ადგილებში გაათენეს, მონაწილეობა მიიღეს საჭმლის მომზადებაში, დააგემოვნეს ადგილობრივი პროდუქტი და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. ამასთან, ახლახან გამოქვეყნდა „აგროტურისტული სახელმძღვანელო სამცხე-ჯავახეთისთვის“ რომელშიც სხვადასვა მარშრუტი, რეცეპტი და ადგილობრივი მეწარმეებისგან შემოთავაზებებია წარმოდგენილი.

ეს ღონისძიებები ეხმიანება EBRD-ისა და FAO-ს მიერ გაწეულ სამუშაოებს საქართველოს მხარდასაჭერად, რათა ქვეყანამ განავითაროს გეოგრაფიული აღნიშვნები (GI) და ტრადიციული საკვების წარმოშობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია - მაგალითად, სულგუნისა და თუშური გუდა ყველის შესახებ. GI-ს შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.  

 “სამუშაო ადგილების შექმნით, შემოსავლების დივერსიფიცირებით და ადგილობრივი ეკონომიკის გაცოცხლებით, მდგრად აგროტურიზმს შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს ამ რეგიონებზე, განსაკუთრებით, მცირე მწარმოებლებისა და დიდი კომპანიების, ადგილობრივი სასტუმროებისა და რესტორნების ერთმანეთთან დაკავშირებით, - განაცხადა ფლორენტ ტომატისმა, FAO-ს აგრობიზნესისა და ღირებულებათა ჯაჭვის სპეციალისტმა, - ის ასევე კარგ სტიმულს იძლევა რეგიონების უნიკალური გასტრონომიის, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნების წარმოჩენისა და შენარჩუნებისთვის“.