FAO საქართველოში

სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

29/09/2022

29 სექტემბერი სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ამ დღეს აქტიურად მოუწოდებს მთავრობებს, კომპანიებსა და მომხმარებლებს, პასუხისმგებლიანი ქმედებებისკენ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. FAO საქართველოში ახორციელებს არაერთ პროექტს, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორს საკვები დანაკარგისა და ნარჩენების შემცირებაში ეხმარება.

სურსათის წარმოების პროცესში ტონობით საკვები პროდუქტი  იკარგება, ან იყრება, ყოველდღიურად. დაახლოებით 828 მილიონი ადამიანი კი შიმშილობს და მათ ჯანსაღ საკვებ პროდუქტებზე წვდომა გარანტირებულად არასდროს აქვთ.

სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება აუცილებელი არის როგორც ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მოხმარების და კლიმატური ცვლილების დაძლევის კუთხით, ასევე, სურსათის უსაფრთხოებისა და ჯანსაღ საკვებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სასურსათო სისტემის წარმომადგენლები და მომხმარებლები კი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლები არიან ამ პროცესში.

“სურსათის დანაკარგისა და ნარჩენების შემცირება წარმოადგენს ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს. FAO საქართველოში აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე, მათ შორის, სურსათის დონაციის მიმართულებით, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - ამბობს ჯუმბერ მარუაშვილი, FAO-ს პოლიტიკის მრჩეველი.