FAO საქართველოში

საახალწლო სამზადისი საქართველოს ნიშური პროდუქტების მწარმოებლებთან ერთად

19/12/2022

17-18 დეკემბერს, მეექვსე აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ გაიმართა, რამაც დედაენის ბაღში საახალწლო განწყობა შექმნა. ფერმერებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან, წარმოადგინეს და გაყიდეს საკუთარი უნიკალურად ქართული აგრარული ნაწარმი. ღონისძიება ასევე მოიცავდა საახალწლო თემატიკის აქტივობებსა და ყველასთვის როგორც კარგად ნაცნობ, ასევე უცნობ საკვებ პროდუქტებს და სასმელებს ყველა ასაკის სტუმრრისთვის. ფერმერთა ბაზრები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ  „სთოლთან“ პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

აგრობაზარში „უნიკალური ქართული გემო“ 50-ზე მეტმა მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა. ამგვარად, მათ გამორჩეული წვლილი კიდევ ერთხელ შეიტანეს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში. ღონისძიებაზე წარმოდგენილ ნაწარმს შორის რძისა და ხორცის პროდუქტები, ტკბილეული, ჩაი, თაფლი, ჯემები, საწებლები და სუნელები იყო.

აგრობაზრის მონაწილეები FAO-ს იმ პროექტების ბენეფიციარები არიან, რომლებიც ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების კოოპერაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, ღონისძიებაში ჩაერთვნენ ის ფერმერებიც, რომლებსაც UNIDO უწევს მხარდაჭერას.

აგრობაზარზე წარმოდგენილი მწარმოებლების უმეტესობას FAO-ს მიერ ორგანიზებული სურსათის უვნებლობისა და ბიზნესის მართვის ტრენინგები აქვს გავლილი. ზოგმა მათგანმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა ან სივრცეები განავითარა, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, FAO-ს პროექტის მიერ გაცემული გრანტების დახმარებით. მონაწილეთა ნაწილმა, აღნიშნული პროექტის საგანმანათლებლო და ტექნიკური მხარდაჭერის სერვისებითაც ისარგებლა. 

ორ დღიანი აგრობაზრების „უნიკალური ქართული გემო“ მსვლელობისას, გაყიდვებით შემოსული ჯამური თანხა 135,000 ლარზე მეტია. აღსანიშნავია, რომ აგრობაზრის „უნიკალური ქართული გემო“ შედეგად, ბიზნესებთან პარტნიორული ურთიერთობები ყალიბდება FAO-ს ბენეფიციარებსა და ჰორეკას, საცალო ვაჭრობისა და ექსპორტის სექტორებთან. ამასთანავე, მონაწილეები ერთმანეთთანაც აქტიურად ამყარებენ კავშირებს და იწყებენ თანამშრომლურ ინიციატივებს. „უნიკალური ქართული გემო“ სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზეც აკეთებს აქცენტს. ამჟამად, ისინი მონაწილეთა 58 პროცენტს წარმოადგენენ.

„საქართველო ნამდვილად უნიკალურია მისი კულტურული მემკვიდრეობით და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის მრავალფეროვნება ამას ადასტურებს. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე ხდება შესაძლებელი ისეთი ღონისძიების შექმნა, როგორიცაა „უნიკალური ქართული გემო“ - საქართველოს რეგიონებს უამრავი უნიკალური გემო აქვს. აგრობაზრის ბევრმა მონაწილემ გვითხრა, რომ ისინი ბიზნეს ურთიერთობებს ამყარებენ კერძო სექტორთან და ახალ მომხმარებლებსაც იძენენ და ეს ჩვენი ორ დღიანი ღონისძიებების დიდი მიღწევაა. იმედი მაქვს, რომ ასეთი აღმასვლა გაგრძელდება და უნიკალური ქართული გემოები თავიანთ დამსახურებულ ადგილს დაიკავებენ როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-EU პროგრამის კოორდინატორმა.

„ევროკავშირი მოხარულია მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლებს, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის წარმოჩენის გამორჩეული შესაძლებლობა აქვთ. მათი მაღალი ხარისხის პროდუქტები მოხმარებელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის აღმოჩენაში ეხმარება. მცირე მეწარმეების მხარდაჭერა ბაზრის მოთხოვნებთან მიახლოებისა და მათი შემოსავლების გაზრდის კუთხით მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს EU4Business ინიციატივის, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება უნიკალური ქართული გემო“, განაცხადა დომინიკ პაპენჰეიმმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელმა.

 აგრობაზარი ხორციელდება FAO-ს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business ინიციატივის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას იურიდიული გარემოს გაუმჯობესების, ფინანსებთან წვდომისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.