„ნინოსეული“ ტკბილ-ცხარე წიწაკის ჯემი და კაჩოტა ლეღვის ჩირით

წალენჯიხის მთიანი რელიეფით გარშემორტყმულ სოფელ ჯვარში, ნინო ქავთარაძე მის ოჯახთან ერთად, მიზანდასახულად და დაუღალავად ატარებს ექსპერიმენტებს ადგილობრივი სურსათის წარმოებაში „ნინოსეული“ ინოვაციების დასანერგად. მისი პროდუქტის ბრენდის სახელიც სწორედ „ნინოსეულია“.
ნინო ლიდერი ფერმერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალი მცირე ფერმერებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას მათი მედეგობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.
ნინოსთან, როგორც ლიდერ ფერმერთან, ხშირად იკრიბება 30-მდე ქალი ფერმერი და იღებს ცოდნას სურსათის უვნებლობაზე, რძის პროდუქტების ახალი სახეობებისა და გადამუშავებული ხილისა თუ ბოსტნეულის წარმოების ტექნოლოგიებზე, ბიზნესის მართვაზე, გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე.
დიდი ხანია, რაც ნინო ჩირს, ჯემებს, ტყლაპს, მეგრულ ჩურჩხელას, სულგუნსა და ჭყინტ ყველს სახლის პირობებში აკეთებს და ადგილობრივ ბაზარზე ახდენს მათ რეალიზებას. ის უკვე 30 წელია საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას ამ საქმიანობით უზრუნველყოფს. სწორედ საკუთარი ხელით შექმნილი სურსათით შეძლო მან ონკოლოგიური დაავადების დასამარცხებლად საჭირო მედიკამენტების შეძენა და ამ დაავადების დაძლევა.
„დამიდგინდა ძალიან მძიმე ავადმყოფობა - სიმსივნე“, ამბობს ნინო, „მეუღლე და ოჯახი გვერდით მედგა და სწორედ ჩირისა და ტყლაპის წარმოებით შემოსული თანხა იყო შემოსავლის ერთ-ერთი წყარო, რომელიც ჯანმრთელობის მხრივაც მეხმარებოდა, რომ ჩემი მკურნალობის თანხების გადამეხადა. ამ ხარჯებს მოგვიანებით დაერთო ბავშვების აბიტურიენტობაც“.
ბოლო წლებში ნინომ ჩირისა და ყველის წარმოების განახლებას მიჰყო ხელი. ტრადიციულ სულგუნთან ერთად, ლეღვის ჩირიან კაჩოტასაც აწარმოებს, ცხარე წიწაკისგან ტკბილ ჯემს აკეთებს და ჩირების ნაირსახეობებსაც ამრავალფეროვნებს. ასეთი პროდუქტის კეთება კი FAO-ს გუნდისგან შეისწავლა.
ნინო, როგორც აქტიური მეწარმე, მუდმივად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენაში. სწორედ ასეთ ღონისძიებაზე იხილა და დააგემოვნა ყველის მისთვის უჩვეულო ნაირსახეობები. ამგვარი პროდუქტი ნინოს გვერდით მდგომ FAO-ს ფერმერთა საველე სკოლის ლიდერ ფერმერ შორენა შონიას ჰქონდა გამოფენილი.
„სწორედ იქ გავიცანი შორენა, რადგან ერთ საგამოფენო დახლზე მოვხვდით“, იხსენებს ნინო, „დამაინტერესა, რადგანაც მისი ყველი ნაირფეროვანი იყო, განსხვავებული. ჩვენებური სულგუნი და ჭყინტი ყველი სხვა არის, ხოლო მისი პროდუქტი შესახედაობითაც და გემოთიც სხვა იყო“.
ასე დაინტერესდა ნინო ყველის საქართველოსთვის უცხო სახეობებით მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით იხილა ამ პროდუქტზე არსებული მოთხოვნა. შორენამ ის FAO-ს გუნდთან მალევე დააკავშირა.
"შორენამ მე დამირეკა“, ამბობს ნინო „შენ რომ გაინტერესებდა, ამ სკოლის ლიდერ ქალბატონებს ეძებენ, რომ შეიქმნას ფერმერთა საველე სკოლა და უნდა მოიწვიო 15 ქალიო“.
ასეც მოიქცა - მან მოიძია მერძევეობის მიმართულებით მომუშავე 30 ქალი ფერმერი, რომლებიც დაინტერესდნენ FAO-ს ფერმერთა საველე სკოლაში ჩართვით. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში ფერმერები სწავლობენ ერთმანეთისგან და ტექნიკურ საკითხებში კონსულტაციებს FAO-ს სასურსათო ტექნოლოგების, აგრონომებისა და ვეტერინარებისგან იღებენ. საგანმანათლებლო პლატფორმის დაარსების შემდეგ, ნინომ, ფერმერთა საველე სკოლის მონაწილეებთან ერთად შეისწავლა ცხოველის მოვლის საბაზისო პრინციპები, რძისა და რძის პროდუქტის წარმოების, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის თანამედროვე მეთოდები.
„მე კი მივდევ მესაქონლეობას დაახლოებით 30 წელზე მეტია, მაგრამ ამ ტრენინგებიდან უმნიშვნელოვანესი ცოდნა შევიძინე“, აღნიშნავს ნინო, „აღმოვაჩინე, რომ ცხოველის მოვლიდან ყველის წარმოებამდე არსებული პროცედურების შესახებ მე ბევრი რამ არ მცოდნია და ახლა კი გავიგე“.
ნინო ფერმაში აქტიურად იყენებს მიღებულ ცოდნასა და უნარებს საკუთარ საქმიანობაში. მან გააუმჯობესა საქონლის კვების, წველისა და ტკიპაზე დამუშავების პრაქტიკა. ამისთვის კი FAO-ს მიერ გადაცემულ საბაზისო დანადგარებს მოიხმარს, რაც მას უფრო უვნებელი პროდუქტის წარმოებისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში ეხმარება. ნინო განსაკუთრებით გახარებულია წისქვილით, რომელიც მას FAO-მ პროექტის ფარგლებში გადასცა. აღნიშნული დანადგარი ნინოს პირუტყვის საკვების ხარჯების შემცირებაში ეხმარება.
„ეს იყო ჩემი დიდი ოცნება“, ამბობს ნინო, „სიმინდი საყიდელი არ გვექნება, რადგანაც ყანები გვაქვს, ხოლო ხორბალსა და ქერს როგორმე შევიძენ და როცა დავფქვავთ მარცვლეულს, კვება იმდენი აღარ დამიჯდება და მოგება უფრო მეტი მექნება“.
წისქვილისა და ცხოველის მოვლის საშუალებების მიღმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, FAO-მ ნინოს ასევე გადასცა საწარმოო ინვენტარი რძის პროდუქტის მცირე წარმოებისთვის. ამ დანადგარების გამოყენებით, საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში შესწავლილი ყველის ახალი სახეობების დამზადების მეთოდები მან საკუთარ გამოცდილებას მოარგო და ახლა ქართველ მომხმარებელს რძის პროდუქტის „ნინოსეულ“ ინტერპრეტაციას სთავაზობს.
„მინდოდა, რომ ჩემი ყველი განსხვავებული ყოფილიყო“, აღნიშნავს ნინო, „ამიტომ, ამ პროდუქტს ჩემი ჩირი დავურთე და ვაკეთებ ყველს ლეღვის, ქლიავისა და კივის ჩირით“.
ამასთანავე, ნინოს სახლში, FAO-ს ფერმერთა საველე სკოლის ფარგლებში, საპილოტე ტრენინგი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ფერმერებმა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებისა და დაკონსერვების უნარებიც გაიუმჯობესეს. ნინომ გადაწყვიტა, მიღებული ცოდნით, ჯემი ცხარე წიწაკისგან შეექმნა. ასეც მოიქცა და „ნინოსეული“ ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა. FAO-მ ნინოს ჩირისა და ჯემის დასამზადებელი დანადგარებიც გადასცა, აღნიშნული პროდუქტის წარმოების ხელშესაწყობად.
ნინომ არაერთ გამოფენაზე გაიტანა საკუთარი ყველი წიწაკის ჯემთან ერთად და მომხმარებლის განსაკუთრებული ინტერესიც დაიმსახურა.
„წიწაკის ჯემი და ყველი ერთად მაგრად წავიდა“, იხსენებს ნინო მის გამოცდილებას აგრობაზრებზე „უნიკალური ქართული გემო“, რომელსაც ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებით FAO ახორციელებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ნიშური პროდუქტის მცირე და საშუალო ფერმერების ხელშესაწყობად. „თავიდან უკვირდათ - წიწაკის ჯემი როგორ არისო“, აღნიშნავს ნინო, „მერე გასინჯავდნენ და მეუბნებოდნენ, მწარე გადადის სიტკბოშიო. ყველს რომ მიატანდნენ, მოსწონდათ და ასე უფრო კარგად გავყიდე ყველი, ხოლო ვინც წიწაკის ჯემი ერთხელ იყიდა, მერე ისევ წაიღო“.
პროექტის ფარგლებში, FAO ნინოს ასევე დაეხმარა სტუმარმასპინძლობისა და საცალო ვაჭრობის სექტორებთან კავშირების დამყარებაშიც. მან, სხვა ლიდერ ფერმერებთან ერთად, ფერმერთა საველე სკოლის ფარგლებში ნასწავლი ყველის სახეობები და ჯემები რესტორნებისა და საცალო მაღაზიების წარმომადგენლებს გაასინჯა ბათუმში და ახალი ბიზნესურთიერთობები დაამყარა.
ნინო ასევე აღნიშნავს, რომ ახალი სახეობის პროდუქტის წარმოებამ, აგრობაზრებში „უნიკალური ქართული გემო“ მონაწილეობის მიღებამ და სტუმარმასპინძლობისა და საცალო ვაჭრობის სექტორებთან შეხვედრებმა შედეგი გამოიღო. „მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა“, ის აღნიშნავს, „ყველის გემოები აინტერესებს ყველას და ჩირით სურათებს რომ დავდებ ხოლმე სოციალურ ქსელებში, ინტერესი ყოველთვის არის“.
ნინო ერთ-ერთია იმ 30 ქალ ლიდერ ფერმერს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, რომელთა სახლებშიც FAO-მ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით დააარსა ფერმერთა საველე სკოლები.აღნიშნულ ფორმატში, 600-ზე მეტმა მერძევე ქალმა ფერმერმა მიიღო ცოდნა რძის პროდუქტების წარმოებისა და ჰიგიენის საუკეთესო პრაქტიკებზე. მათ ასევე შეისწავლეს ყველის 10 სახეობის მომზადება, როგორებიცაა კაჩოტა და ჰალუმი. ბევრმა მათგანმა აღნიშნული პროდუქტის კომერციულად წარმოებაც დაიწყო.
„ადამიანი როდესაც მიზანს დაისახავს“, ამბობს ნინო, „ყველანაირად უნდა ეცადოს მის მიღწევას. მე კიბო რომ მქონდა, ერთი წამით არ დამიყრია ფარ-ხმალი და სიკვდილზე არ მიფიქრია. სწორედ ამ ბრძოლით მოვედი დღემდე. ჩემი განვლილი გზა ბრძოლით, მიზანდასახულობით, შრომით და მონდომებით გავიარე“.
ასეთი შემართებით განაგრძობს ნინო, როგორც სამაგალითო ქალი ფერმერი, საქართველოს ბაზრისთვის უნიკალური - „ნინოსეული“ პროდუქტის წარმოებას, რომელიც სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს.