FAO საქართველოში

საქართვლოს სურსათის კონტროლის ეროვნული სისტემის შეფასების მხარდაჭერა

17/03/2025

საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, FAO/WHO-ს სურსათის კონტროლის სისტემის შეფასების შედეგების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

სამ დღიანი სტრატეგიული სამუშაო შეხვედრების ციკლის განმავლობაში, ღონისძიების მონაწილეებმა, სურსათის კონტროლის ეროვნული სისტემის შეფასების შედეგად გამოკვეთილი მიგნებები და შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს. შემდეგ, შეფასებაში არსებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მათ განიხილეს შესაძლო აქტივობები, რომლებიც მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.

ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO-მ, სურსათის კონტროლის ეროვნული სისტემის შეფასება FAO/WHO-ს მეთოდოლოგიით,  2023 წელს დაიწყო. აღნიშნული მეთოდოლოგიის მიხედვით, შეფასების პროცესში მონაწილეობას იღებდნენ თითოეული კომპეტენტური ორგანოს მიერ წინასწარ ნომინირებული პასუხისმგებელი საკონტაქტო პირები. აღნიშნული პირები შემფასებელ გუნდთან აქტიური თანამშრომლობით, წინასწარ გაწერილი კითხვარისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით აგროვებდნენ საჭირო მონაცემებს და უზიარებდნენ შემფასებელ გუნდს გასაანალიზებლად.

შეფასების დოკუმენტი, სურსათის კონტროლის სისტემის განვითარების კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეულ თვალსაჩინო წინსვლას ასახავს. ქვეყანამ მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა სურსათის კონტროლის განსახორციელებლად, რომელშიც  სტრუქტურირებული მიდგომაა გამოკვეთილი შიდა კონტროლისა და იმპორტის/ექსპორტის რეგულაციების მიმართ. შეფასებაში ასევე ხაზგასმულია ისეთი მიმართულები, რომელთა განვითარებაც აუცილებელია. მაგალითად, რისკზე დაფუძნებული ინსპექტირება, სურსათის უვნებლობის საგანგებო სიტუაციების დაგეგმარება და სამეცნიერო ინფორმაციის გამოყენება განსაკუთრებით რისკის დამოუკიდებლად შეფასების წარმოების საფუძველზე, სურსათის ბიზნესოპერატორებისა და რისკის მართვისთვის საჭირო რეკომენდაციების მისაწოდებლად პასუხისმგებელი ორგანოებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროდუქტის უვნებლობაზე.

„სურსათის კონტროლის სისტემის შეფასება საქართველოს სასურსათო სისტემის განვითარების გზამკვლევია, ქვეყანაში მცხოვრები მომხმარებლისთვის უვნებელ სურსათზე წვდომის გასაუმჯობესებლად და, ასევე, სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. შეფასების მონაცემებზე დაფუძნებული გადაწვეყილებების მიღებისთვის გამოყენება პასუხისმგებელი ორგანოების ერთობლივ ძალისხმებას საჭიროებს და FAO მხარს უჭერს ასეთ მიდგომას, რომელიც დოკუმენტის შექმნასა და ღირებული შედეგების უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული სურსათის უვნებლობის ეროვნული სტრატეგიის გასაუმჯობესებლად“, ამბობს FAO-ს მენეჯერი, გუიდო აგოსტინუჩი.

„შეფასების დოკუმენტის მეშვეობით, საქართველოს სურსათის სისტემის ძლიერი მხარეების, სისუსტეებისა და გამოწვევების უფრო ნათელი მონახაზი გვაქვს. FAO/WHO-ს მეთოდოლოგია გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ასეთი სიღრმისეული მიგნებების გამოკვეთაში, რომლებიც კონტექსტზე მორგებული რეკომენდაციების გაცემასა და ევროკავშირისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და ქართველ მომხმარებლის დაცვისთვის საფუძვლიანად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას ხდის შესაძლებელს“, აღნიშნავს დენის რეისი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერი.

“FAO/WHO-ს მიერ შემოთავაზებულმა შეფასების ინსტრუმენტმა, შესაძლებელი გახადა საქართველოს სურსათის კონტროლის სისტემის სიღრმისეულად გაანალიზება. შეფასების დოკუმენტი ერთის მხრივ იმ პროგრესს აღიარებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სახეზეა. მეორეს მხრივ კი გამოიკვეთა გაუმჯობესების საჭიროებები, რაც აუცილებელია ქვეყანაში სურსათის კონტროლის სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად. აღნიშნული შეფასება ქვეყნისთვის წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას სისტემის გასაუმჯობესებლად საჭირო შემდგომი საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად“, აღნიშნავს FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, ჯუმბერ მარუაშვილი.

___

ევროკავშირის შესახებ

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/

 

პროექტის შესახებ

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.