ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება
მეოთხე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გამარჯვებულების დაჯილდოებით დასრულდა. აგროოლიმპიადის კონკურსის სხვადასხვა კატეგორიიდან 42 ფინალისტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის (ADA) და აგროოლიმპიადის მხარდამჭერების მიერ დაწესებული ჯილდოები გადაეცათ.
ოლიმპიადის მთავარი იდეაა მონაწილეთა ცოდნის შემოწმება, გამარჯვებულების გამოვლენა და მათი წარმოჩენა ეროვნულ დონეზე. ოლიმპიადა ტარდება აგრონომიის, სასურსათო ტექნოლოგიის, სატყეო საქმის, ღვინის ტექნოლოგიის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, ვეტერინარიის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებებში. შესაბამისად, კონკურსი მოიცავს ფაქტობრივად ყველა პრიორიტეტულ დარგსა და სპეციალობას, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია საქართველოს შესაბამისი პროფილის დასაქმების ბაზარზე.
“2024 წლის აგრო ოლიმპიადის ვებ გვერდზე დარეგისტრირდა 1342 მონაწილე, მათგან 905-მა მიიღო პირველ ტურში მონაწილეობა. ტესტირებების შედეგად გამოვლინდა 42 გამარჯვებული სხვადასხვა კატეგორიაში. ჩვენ განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდების მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც აჩვენებს მათ მზარდ ენთუზიაზმსა და ჩართულობას წინა წლებთან შედარებით.” - ეკატერინე ავალიანი, FAO-ს პროექტის კოორდინატორი.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, ქვეყნის მასშტაბით და ზოგადად რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA). აგრარული ოლიმპიადის პარტნიორები არიან ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. რიგით მეოთხე ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან: კრედო ბანკი, ინვეტ ჯგუფი, თიბისი ბიზნესისთვის, აგრონომი, კრისტალ ბანკი, ნუტრიმაქსი, ეკოვუდი, CENN -ის პროექტი - მწვანე კავკასია, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია”, "სვანიძის ზეთისხილი", ახალგაზრდა ვეტერინართა ასოციაცია, აგრომოტორსი , აგროტექნო და მთაწმინდის პარკი.