FAO საქართველოში

დაინტერესებული მხარეების შეხვედრა - დაბალემისიანი და კლიმატმედეგი სოფლის მეურნეობა - იდეათონი

14/04/2025

ახალგაზრდების ჩართულობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარების მიზნით მწვანე სოფლის მეურნეობის სექტორში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით იდეების კონკურსი ჩაატარა. იდეათონი მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის “სტრატეგიული მზაობა საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განსახორციელებლად და კლიმატის მდგრადობის მისაღწევად.” ფარგლებში გაიმართა.

ორდღიანი დასკვნითი ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში დაბალემისიანი და კლიმატმედეგი სოფლის მეურნეობისთვის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, ასევე, ინკლუზიური დიალოგისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძო სექტორის, აკადემიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და ადგილობრივი თემების ჩართულობით.

ღონისძიება ასევე მიზნად ისახავდა საქართველოში კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების გენერირებას და მდგრადი პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მონაწილეებმა - ინდივიდუალურად თუ გუნდურად - წარმოადგინეს კლიმატთან დაკავშირებული იდეები, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ტრანსფორმაციას უფრო დაბალემისიან და მედეგ სექტორად. მიღებული 18 იდეიდან, ოთხი საუკეთესო იდეის ავტორი ღონისძიების სპონსორებმა და პარტნიორებმა დააჯილდოვეს. მათ შორის:

  • ნაკელიდან ბიოგაზის წარმოების გამოყენებით აზოტის ოქსიდის ემისიების შემცირება; 
  • BSF (Black Solider Fly)-ს გამოყენება ცხოველის საკვებში; 
  • ემისიების შემცირების მიზნით ნაკელის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა; 
  • ფერდობებზე ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგო და ნიადაგის ტენის შენარჩუნებისთვის ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგია საგარეჯოს მუნიციპალიტეტისთვის. 

ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარემ მიიღო, მათ შორის მათ შორის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის დეპარტამენტის, სოფლის განვითარების სააგენტოსა (RDA) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, მკვლევრებმა, ფერმერებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა და სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა.

თამარ შერვაშიძემ, FAO-ს პროექტის კოორდინატორმა, ხაზი გაუსვა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან თანამშრომლობის მზაობას: „მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში და ერთმანეთს თავიანთი უნიკალური პერსპექტივები და გამოცდილება გაუზიარეს წინსვლისთვის საჭირო პრაქტიკული და მდგრადი გზების გამოსავლენად.“

 „სოფლის მეურნეობაზე კლიმატის ცვლილება მძიმედ აისახება, თუმცა, ამავდროულად, ეს სექტორი არის პრობლემის გადაჭრის ძირითადი ნაწილიც. იდეათონის საშუალებით გვსურდა ახალგაზრდებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების დიალოგში ჩართვა, რადგან ისინი არა მხოლოდ მომავალი ფერმერები ან პროფესიონალები არიან, არამედ საქართველოში უფრო მდგრადი, დაბალემისიანი სოფლის მეურნეობის შექმნაში შეაქვთ წვლილი. მიღებული იდეების მრავალფეროვნება გვაჩვენებს, თუ რა სახის ინოვაციები გვჭირდება იმისათვის, რომ თეორიიდან პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ მოქმედებისკენ“ - თქვა ჯერემი შლიკენრიდერმა, ბუნებრივი რესურსების ოფიცერმა FAO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისიდან.

-- 

FAO მხარს უჭერს ქვეყნების ძალისხმევას, ჰქონდეთ წვდომა GCF-ის მზაობისა და მოსამზადებელი მხარდაჭერის პროგრამასთან, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და შემარბილებელი ქმედებების გაძლიერებას. პროგრამა ხელს უწყობს ქვეყნების მონაწილეობის გაზრდას ინსტიტუციური შესაძლებლობების, მმართველობის მექანიზმების და დაგეგმვისა და პროგრამირების ჩარჩოების გაძლიერებით NDC-ების, ადაპტაციის ეროვნული გეგმებისა (NAPs) და კლიმატის ცვლილების სხვა ეროვნული სტრატეგიების შესაბამისად. მეტი FAO-სა და მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) შესახებ.

-- 

ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი აჯამებს თითოეული ქვეყნის ძალისხმევას ეროვნული ემისიების შესამცირებლად და კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან ადაპტაციისთვის და, ამრიგად, ხელს უწყობს პარიზის შეთანხმებისა და მისი გრძელვადიანი მიზნების განხორციელებას. მასში შემავალი საკითხების უმრავლესობა დაკავშირებულია სასურსათო და სოფლის მეურნეობის სექტორებთან და მიზნად ისახავს მათ მხარდაჭერას მეტად გააძლიერონ მედეგობა და შეამცირონ მოწყვლადობა კლიმატის ცვლილების მიმართ, რათა ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას და უზრუნველყონ ადაპტაციისას ადეკვატური რეაგირება.

პარიზის შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება 2030 წლისთვის უპირობოდ შეამციროს სათბურის გაზების ემისიები 35%-ით 1990 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. რადგან მოსალოდნელია სოფლის მეურნეობის ემისიების დაახლოებით 40%-ით ზრდა, საქართველო მხარს უჭერს დაბალემისიან, კლიმატ-მედეგ განვითარებას სექტორში, და აცნობიერებს მის მზარდ მნიშვნელობას.