ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც FAO-ს ქვეყნის ოფისი ერთი პროექტის ფარგლებში თანამონაწილეობრივი გრანტით 1,000-ზე მეტ ბენეფიციარს მისწვდა, აუცილებელი დანადგარებსა და ცოდნაზე წვდომის უზრუნველსაყოფად.
FAO / გურამ საყვარელიძე
ქართველი ფერმერი ქალები რძის წარმოების ტრადიციებს ათანამედროვებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, მცირე თანამონაწილეობრივი გრანტებით, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV-ის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც FAO-ს ქვეყნის ოფისი ერთი პროექტის ფარგლებში თანამონაწილეობრივი გრანტით 1,000-ზე მეტ ბენეფიციარს მისწვდა, აუცილებელი დანადგარებსა და ცოდნაზე წვდომის უზრუნველსაყოფად, რაც აუმჯობესებს ხარისხის სტანდარტებს, მიკვლევადობას, შემოსავლებსა და მომხმარებლის დაცულობას.
რძის პროდუქტის წარმოება საქართველოში შემოსავლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ რჩება სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის. ის უაღრესად შრომატევადი საქმიანობაა, რომელიც ფიზიკურ გარჯას მოითხოვს წველის, რძის შენახვის, გაციებისა და ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო თანამედროვე დანადგარებზე წვდომის ნაკლებობის პირობებში. აღნიშნული შეზღუდვები ზეგავლენას ახდენს როგორც პროდუქტიულობაზე, ასევე ფერმერების უნარზე სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და ბაზარზე არსებული მოლოდინის მუდმივად დაკმაყოფილების კუთხით.
საგრანტო მხარდაჭერით, ფერმერმა ქალებმა ისეთ დანადგარებში შეძლეს თანაინვესტირება, როგორებიცაა რძის საწველი აპარატი, რძის ბიდონი, გამაგრილებელ ავზი, პასტერიზატორი, ვაკუუმით შესაფუთი აპარატი და რძის ტესტირებისა და გადამუშავების საბაზისო აღჭურვილობა. ეს ინვესტიციები ფიზიკური შრომის საჭიროებას ამცირებს, ჰიგიენის პრაქტიკებს აუმჯობესებს და ხელს უწყობს უფრო სტაბილური და მეტად ხარისხიანი რძის პროდუქტის წარმოებას.
63 წლის სკოლის მასწავლებელი მერი გაგუა ორ ათწლეულზე მეტია, რაც მერძეული მიმართულებით საქმიანობს და ახლა ცხრა ძროხას უვლის. რძის საწველმა აპარატმა კი მისი ყოველდღიური რუტინა მნიშვნელოვნად შეცვალა.
ის იხსენებს, რომ დანადგარის მიღებამდე ხელით წველა საკმაო დროსა და ფიზიკურ გარჯას მოითხოვდა, განსაკუთრებით სხვა საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.
„ხუთ ან ექვს ძროხას ვწველიდი ხელით. ამას დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა. ახლა ამ საქმეს დანადგარი ხუთ წუთში აკეთებს. ხუთ წუთში უკვე ორი ძროხის მოწველა შემიძლია“, ამბობს მერი.
ფიზიკური შრომის შემცირებამ მას რძის პროდუქტის წარმოებისა და სხვა ყოველდღიური საქმიანობისთვის დროის უკეთესი მართვის შესაძლებლობა მისცა. ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან ერთად, მერი აღნიშნავს, რომ გაუმჯობესდა ჰიგიენა და რძის ხარისხიც.
„რძე ახლა უფრო სუფთაა და დაცული ჭუჭყისა და ბაქტერიებისგან“, მერი აღნიშნავს. „ჩემმა მომხმარებელმა ეს იცის და მოთხოვნა ყოველთვის დიდი გვაქვს“.
გაუმჯობესებული ეფექტიანობის ხარჯზე, მისმა ოჯახმა უფრო მეტი პირუტყვის შენახვა შეძლო, რაც ხელით წველის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა.
მარინე კავთელაშვილმა საკუთარი რძის პროდუქტის წარმოება ბოლო წლებში გააფართოვა და ახლა 16 ძროხას უვლის. მხარდაჭერის პაკეტი მას არა მხოლოდ ეფექტიანობის გაუმჯობესებაში, არამედ სურსათის უვნებლობის უფრო მედეგი პრაქტიკების დანერგვასა და მცირე წარმოების დასაწყებად საჭირო დანადგარების შეძენაში დაეხმარა.
საწველ აპარატთან ერთად, მარინემ რძის გამაგრილებელი ავზი, პასტერიზატორი და რძის ტესტირების ხელსაწყოებიც შეიძინა, რაც მისი აზრით აუცილებელია დაკვირვებისთვის, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის ნდობის გაღრმავებისთვის.
მისი ოჯახი ასევე რძის ანალიზატორსაც იყენებს ცხიმიანობის გასაზომად, რაც ჯიშებს შორის არსებული განსხვავებების შედარების და წარმოებისთვის საჭირო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ.
მარინე აღნიშნავს, რომ ძროხის ახლახან შეძენილი ჯიშები უფრო ცხიმიან რძეს აწარმოებენ, რაც მეტი ყველის ამოყვანის და ეფექტიანი წარმოების საშუალებას იძლევა.
„ახლა უკეთესად უზრუნველვყოფთ სურსათის უვნებლობას“, მარინე ამბობს. „თავის მოსაწონი ამბავია, რომ რძის პროდუქტს ვაწარმოებთ იმ რძით, რომელიც ავიღეთ საწველი აპარატის მეშვეობით, ჰიგიენის ნორმების დაცვით”.
მარინეს ოჯახი ახლა მზადაა მცირე საწარმოს გასამართად, რაც მას დამატებითი ღირებულების შექმნასა და წარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
„უკვე ვაშენებთ მცირე საწარმოს. ამ დანადგარებით, წარმოება მარტივი იქნება და ნაკლები შრომა დაგვჭირდება“.
მარინე ასევე აღნიშნავს, რომ გაუმჯობესებულმა ჰიგიენამ და რძის ხარისხმა გააძლიერა მომხმარებელთა ნდობა, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვის.
ის ამბობს, რომ „სისუფთავე და უვნებლობა უფრო კონკურენტულს გვხდის და ზრდის ნდობას ჩვენი პროდუქტის მიმართ“.
ფერმერები ნანა ღვალაძე (მარცხნივ) და მერი გაგუა (მარჯვნივ). ©FAO / გურამ საყვარელიძე
ნანა ღვალაძისთვის (62), რომელიც 6-7 წელია, რაც მერძეულ საქმიანობაშია ჩართული და ახლა 20 ძროხას უვლის, რძის საწველი აპარატებისა და გამაგრილებელი სისტემების გამოყენება პირუტყვის რაოდენობისა და პროდუქტიულობის გაზრდის პირდაპირ პროპორციულია.
„ძროხების რაოდენობა გავზარდეთ, რადგან ახლა ყველა მათგანს ვწველით. მანამდე, წველისას ხელები ძალიან მტკიოდა, დღე და ღამე ვმუშაობდით. საწველი აპარატი რომ არ გვქონოდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა,“ — ამბობს ის.
ნანა ასევე აღნიშნავს, რომ რძის ჰიგიენაც გაუმჯობესდა ხელით წველასთან შედარებით, როდესაც დაბინძურების რისკები უფრო მაღალია.
„აპარატით წველისას რძე სუფთად, პირდაპირ ჭურჭელში ჩადის. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ხელით მოწველა.“
ნანას ოჯახი ახლა უფრო ძვირადღირებული რძის პროდუქტის წარმოების დაწყებაზეც ფიქრობს, მათ შორის სულგუნის ტრადიციული სახეობების, ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
©FAO / გურამ საყვარელიძე
სამივე ოჯახში FAO-ს მიერ მხარდაჭერილი დანადგარების გამოყენებამ უზრუნველყო ეფექტიანობის, სურსათის უვნებლობისა და წარმოების შესაძლებლობის გაუმჯობესება. ნაკლები ფიზიკური შრომის საჭიროების გათვალისწინებით, ფერმერებმა შეძლეს პირუტყვის რაოდენობის გაზრდა, ხოლო ჰიგიენის გაუმჯობესებული პრაქტიკები მათი პროდუქტის ხარისხსა და მომხმარებელთა გაზრდილ ნდობაზე აისახა.
ეს ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალების როლის კონტექსტის გათვალისწინებით რძის წარმოებაში, სადაც დრო, შრომა და საჭირო ტექნოლოგიებზე წვდომა პირდაპირ კავშირშია პროდუქტიულობასთან, ყოველდღიურ შემოსავალთან და მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან.
ENPARD IV, რომელსაც ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებით FAO ახორციელებს, განაგრძობს ქალებისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერას საქართველოში როგორც პროდუქტიულობის, სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების, ასევე ტრენინგის შესაძლებლობების კუთხით. მცოდნე მწარმოებლებში ინვესტირების მეშვეობით, პროგრამა ხელს უწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობების მედეგობას და უფრო უვნებელ, კონკურენტუნარიან ადგილობრივი სასურსათოს სისტემებს.
გარდა რძის სექტორისა, თხილის, ასკილის უალკოჰოლო ლუდისა, თუ ღვინის წარმოების ხელშეწყობით, ფერმერებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან მიიღეს მცირე, საშუალო და დიდი მოცულობის გრანტები მათი ღირებულებათა ჯაჭვების ინკლუზიურობისა და მდგრადობის გასაუმჯობესებლად.
___
პროექტის შესახებ
ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს