გონივრული განვითარება, უვნებლად კვება


პრაქტიკული სწავლება ხელს უწყობს ფერმერებს, დანერგონ უფრო მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა

Share on Facebook Share on X Share on Linkedin

FAO / გურამ საყვარელიძე

05/06/2026

დასავლეთ საქართველოში, სადაც ტენიანი კლიმატი და სულ უფრო არაპროგნოზირებადი ამინდი მავნებლებისა და დაავადებების გავრცელების ახალ გამოწვევებს ქმნის, ფერმერები სწავლობენ, რომ უვნებელი სურსათის წარმოება მოსავლის აღებამდე დიდი ხნით ადრე იწყება.

გიორგი გვარამიასთვის პასუხისმგებლიანი წარმოება დაკვირვებით იწყება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში მის ფერმაში ადგილობრივი ფერმერებისთვის სადემონსტრაციო ნაკვეთია მოწყობილი, რაც  მონიტორინგის ტექნიკების, მავნებელთა ინტეგრირებული მართვის (IPM), სათბურის პრაქტიკების და უვნებელი მოსავლის წარმოების მიმართულებებით ცოდნაზე ხელმისაწვდომობას აუმჯობესებს.

„მონიტორინგის გარეშე შეუძლებელია მეურნეობის მართვა“, ის აღნიშნავს მის სათბურსა და ბაღში მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლის აქტივობის ადრეული ნიშნების ინსპექტირებისას. 

ოჯახთან ერთად, გიორგიმ ბოლო 9 წელი 20 ჰექტარზე გაშენებული მრავალფეროვანი ფერმის განვითარებას მიუძღვნა. ხეხილის ბაღებთან ერთად, ოჯახმა სასათბურე პირობებში ბოსტნეულის წარმოება და კენკროვანი კულტურების მოყვანაც დაიწყო. 

დაცულ სოფლის მეურნეობაში ინვესტიცია დაკავშირებულია როგორც შესაძლებლობებთან, ასევე გადმოწევებთანაც. 

„ღია გრუნტზე წარმოებისას, კულტურებზე ბევრი გარემო ფაქტორი ახდენს გავლენას. სათბურში ეს ყველაფერი უფრო კონტროლირებადია“, გიორგი განმარტავს. „ამავდროულად, სათბურებში თავისებური გამოწვევებია, განსაკუთრებით ტენიანობის მართვისა და პრეპარატების უსაფრთხო გამოყენების მიმართულებებით“. 

გიორგისთვის ამინდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მცენარეთა ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. წელს დასავლეთ საქართველოში უჩვეულოდ ნალექიანმა გაზაფხულმა სოკოვანი დაავადებების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა, რაც პრევენციისა და ადრეული რეაგირების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

სეზონის განმავლობაში ის ყურადღებით აკვირდება მცენარეების მდგომარეობას, ფოთლებს, ღეროებს, ტენიანობის დონეს და სტრესის ნიშნებს ვიზუალური დათვალიერების, ფერომონიანი საჭერების, დამცავი ბადეების გამოყენებით და სპეციალისტებთან რეგულარული კონსულტაციების მეშვეობით.

„ადრეული გამოვლენა აუცილებელია“, ის ამბობს. „ადრეულ ეტაპზე თუ არ მოხდა პრობლემის გამოვლენა, დიდი ზარალი შეიძლება მიადგეს არა მარტო მოსავალს, არამედ თვითონ მცენარეებსაც“. 

მავნებლის ინტეგრირებული მართვის პრაქტიკები ფერმერებს  ზედმეტი პესტიციდების გამოყენების შემცირებაში მონიტორინგის, პრევენციისა და მიზანმიმართული ჩარევების გაერთიანებით. გიორგის სათბურში ვენტილაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მარწყვში სოკოვანი დაავადებების პრევენციის კუთხით, რამაც დამატებითი დამუშავებების საჭიროება შეამცირა.

„ზოგჯერ საჭიროც აღარაა პრეპარატების გამოყენება“, ის განმარტავს. “არსებობს სხვა პრევენციული მეთოდები, რომლებიც პრობლემების აღმოჩენაში გვეხმარება, მანამ სანამ ისინი რეალურ გამოწვევებად გარდაიქმნებიან“. 

სურსათის უვნებლობა ამ გადაწყვეტილებების ცენტრშია. 

„მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ხილისა და ბოსტნეულისგან მიიღონ ვიტამინები და არა ქიმიკატები", ამბობს გიორგი. 

მისი თქმით, მცენარეთა დაცვის საშუალებების პასუხისმგებლიანი გამოყენება მოითხოვს სწორი დოზირების დაცვას და შეწამვლის დროის ფრთხილ დაგეგმვას. ფერმერებმა მკაცრად უნდა დაიცვან მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდები, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ნარჩენები უსაფრთხო ზღვარს არ გადააჭარბებს, როდესაც პროდუქცია მომხმარებლამდე მივა.

ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, უკვე 1,500-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა FAO-ს საველე ტრენინგებში, მათ შორის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ჩატარებულ სწავლებებში. © FAO / გურამ საყვარელიძე

„არსებობს კონკრეტული ინტერვალები, რომლებიც მოსავლის აღებამდე აუცილებლად უნდა იყოს დაცული,“ განმარტავს ის. „პრეპარატების გამოყენებას სპეციალისტებთან ერთად ფრთხილად ვგეგმავთ, პროდუქტის უვნებლობის უზრუნველსაყოფად“. 

ეს საკითხი პირდაპირ ეხება თავად ფერმერებსაც, რომლებიც პესტიციდების არასწორი გამოყენების შემთხვევაში ჯანმრთელობის რისკებს აწყდებიან.

“მომხმარებლებსაც ვიცავთ და საკუთარ თავებსაც”, გიორგი ამბობს და აღწერს ხელთათმანების, ნიღბების, დამცავი სათვალეების და სპეციალური ტანსაცმლის გამოყენების დეტალებს შეწამვლის პროცესში, ექსპოზიციის რისკების შესამცირებლად.

საქართველოს მასშტაბით სურსათის უვნებლობას სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობის სექტორში. ENPARD IV-ის ფარგლებში, რომელიც FAO-ს მიერ ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება, სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესების ხელშწეყობაზე ფოკუსირებული აქტივობები ხორციელდება. უკვე 1,500-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა FAO-ს საველე ტრენინგებში, მათ შორის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ჩატარებულ სწავლებებში.

„სოფლის მეურნეობაში მუდმივად ინერგება ახალი მიდგომები“, ამბობს გიორგი. „ფერმერები ასეთ ცვლილებებს არ უნდა ჩამორჩნენ”. © FAO / გურამ საყვარელიძე

ENPARD IV-ის ფარგლებში შექმნილი სადემონსტრაციო ნაკვეთის ლიდერი ფერმერის რანგში, გიორგი საკუთარ გამოცდილებას სხვა ფერმერებსაც უზიარებს, რომლებიც წარმოების პრაქტიკების გაუმჯობესებით არიან დაინტერესებული. სადემონსტრაციო ნაკვეთების მეშვეობით ფერმერებს შეუძლიათ პრაქტიკული გადაწყვეტილებების რეალურ პირობებში დაკვირვება და უკეთ გააზრება, თუ როგორ უწყობს გაუმჯობესებული პრაქტიკები ხელს არა მხოლოდ პროდუქტიულობის ზრდას, არამედ უვნებელი სურსათის წარმოებასაც.

FAO მას ასევე  ტექნიკურ კონსულტაციებს უწევს კულტურების შერჩევის, მცენარეთა მოვლის, მონიტორინგის ინსტრუმენტებისა და პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით, მათ შორის ფერომონიანი საჭერების და სასოფლო-სამეურნეო საშუალებების ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი გამოყენების შესახებ.

გიორგისთვის ცოდნაზე ხელმისაწვდომობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა.

„სოფლის მეურნეობაში მუდმივად ინერგება ახალი მიდგომები“, ამბობს ის. „ფერმერები ასეთ ცვლილებებს არ უნდა ჩამორჩნენ”. 

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის არის, რომ ფერმერები ყოველთვის მაშინვე ვერ ხედავენ წარმოების თანამედროვე პრაქტიკების დანერგვის შედეგებს“, ამბობს მერი ბექაური, FAO-ს საქართველოში აგრონომიისა და ექსტენციის უფროსი სპეციალისტი. „სურსათის უვნებლობა ფერმის დონეზე იწყება, თუმცა პირველადი მწარმოებლებისთვის ყოველთვის ადვილი არაა ყოველდღიური გადაწყვეტილებების, მაგალითად მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების, დაკავშირება საბოლოო პროდუქტთან, რომელიც მომხმარებლამდე მიდის. შედეგად, ისინი შესაძლოა ნაკლებად იყვნენ გახსნილნი ახალი მიდგომებისა და რეკომენდაციების მიმართ. გიორგის ფერმაში მოწყობილი ნაკვეთის მსგავსად შექმნილი სადემონსტრაციო ნაკვეთები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ამ კავშირებს პრაქტიკაში ხდის თვალსაჩინოს. როდესაც ფერმერები ხედავენ უფრო ჯანსაღ მცენარეებს, უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტს და შემცირებულ რისკებს, ისინი უფრო მეტად ასხივებენ მზადყოფნას მავნებლის მართვის მდგრადი პრაქტიკების დანერგვის მიმართ.“

გიორგი მიიჩნევს, რომ ფერმერებს შორის ცოდნის გაზიარება აუცილებელია არა მხოლოდ პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად, არამედ მომავალი თაობებისთვის უფრო ჯანსაღი სურსათის წარმოების მხარდასაჭერად.

„ცოდნა უნდა გაზიარდეს”, ამბობს ის. „ეს ფერმერებს გვეხმარება, რომ ჩვენი ოჯახებისთვის და ბავშვებისთვის უფრო უვნებელი და ჯანსაღი სურსათი ვაწარმოოთ“.

 

___


პროექტის შესახებ

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.


ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.