ნინო ნუგზარაშვილი, ყველის მწარმოებელი და ექთანი კასპის მუნიციპალიტეტიდან, ახალ სიცოცხლეს სძენს იშვიათი რძის პროდუქტის - დოს, წარმოებას და ამავდროულად აძლიერებს ქალებს საკუთარ თემში.
FAO / გურამ საყვარელიძე
მრავალი წლის განმავლობაში ნინო ნუგზარაშვილი საკუთარი სოფლიდან შორს ცხოვრობდა და ყველის წარმოების ხელოვნებას საქართველოს მთიან რეგიონში, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტებისა და ადგილობრივი რძის ქარხნის ყოფილი დირექტორისგან ეუფლებოდა. „მათ მასწავლეს სულგუნის, იმერულისა და ქარხნული ყველის დამზადების საიდუმლოებები“, იხსენებს იგი. „მივხვდი, რომ ამ ცოდნით ჩემი ოჯახის წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შემეძლო.“
ექვსი წლის უკან, ნინო საკუთარ სოფელს დაუბრუნდა კასპში, მხოლოდ ორი ძროხით. სწორედ მათგან დაიწყო ყველის, კარაქისა და დოს წარმოება — დო არის იშვიათი ფერმენტირებული რძის პროდუქტი, რომელიც საქართველოში თითქმის დავიწყებას მიეცა. „დოს მჟავე გემო და მდიდარი ისტორია აქვს,“ — ამბობს ნინო. „ის ბაზრიდან ფაქტიურად გამქრალი იყო და გადავწყვიტე, მისი წარმოება, თუნდაც მცირე რაოდენობით“. ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით მან ნელ-ნელა მოახერხა ამ უნიკალური პროდუქტის ადგილობრივ ბაზარზე დაბრუნება. „როგორც კი გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ დოს ვაწარმოებდით, მოთხოვნა მაშინვე გაჩნდა — პროდუქტზე ძალიან მაღალი მოთხოვნა გაჩნდა“, აღნიშნავს ნინო.
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე მცირე საწარმოო სივრცეში, ნინო ფერმერნტირებული რძის პროდუქტებს ამზადებს ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე დანადგარების გამოყენებით. © FAO / გურამ საყვარელიძე
მისმა საქმიანობამ არა მხოლოდ კულტურული მნიშვნელობის პროდუქტისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას, არამედ მის გარშემო მცხოვრები ქალების გაძლიერებასაც შეუწყო ხელი. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, რომელიც განხორციელდა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში და დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და შვედეთის მიერ, ნინომ რძის პროდუქტების წარმოებასა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგები გაიარა. დონორების ხელშეწყობით, მას გადაეცა მისი საქმიანობისთვის საჭირო საბაზისო ხელსაწყოები — ყველის ფორმები და თერმომეტრები და ასევე მოიპოვა თანადაფინანსების გრანტი, რამაც მისცა საშუალება შეეძინა ტექნიკა, მათ შორის პასტერიზატორი და რძის გამაცივებელი. „FAO-ს მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა ძველი და ახალი მეთოდების შერწყმა. განსაკუთრებით მიყვარს პასტერიზატორი — ის უზრუნველყოფს, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ მიირთვან ჩემი დო და ყველი,“ — ამბობს ნინო.
ნინოს მიზანდასახულობამ მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა და მრავალი ქალი ფერმერისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. „მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში ქალებისთვის კვლავ არსებობს გარკვეული გამოწვევები, განსაკუთრებით მათი დაფასებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ - დღეს ბევრი მათგანი უკვე ამაყი მეწარმეა, ძლიერი საბაზრო კავშირები აქვს და ეკონომიკურად დამოუკიდებელია“, ამბობს ნინო.
ფერმერობის გარდა, ნინო ექთნადაც მუშაობს, თუმცა მისთვის ყველაზე დიდი კმაყოფილება რძის პროდუქტების, განსაკუთრებით დოს დახვეწასა და მომხმარებლებისთვის შეთავაზებაშია. ყველაზე დიდ სიხარულს მანიჭებს, როდესაც ვხედავ, რომ ჩემს დოს მიირთმევს მომხმარებელი და მოსწონს ჩემი პროდუქტი“, ნინო აღნიშნავს.
სამომავლოდ ნინო საწარმოო სივრცის გაფართოებასა და რძისა და დოზე დაფუძნებული ახალი პროდუქტების შექმნას გეგმავს. ის ოცნებობს, რომ საკუთარი ნაწარმი საერთაშორისო კონფერენციებზე წარადგინოს და საქართველოს კულინარიული მემკვიდრეობა ღირსეულად გააცნოს მსოფლიოს.
„სოფლის მეურნეობაში ქალების გაძლიერება ოჯახებსა და თემებს გააძლიერებს,“ — ამბობს ნინო. „როდესაც ქალი წარმატებულია, სარგებელს ყველა იღებს.“
ნინო კასპში არსებულ საძოვრებზე, სადაც ბუნებრივი ძოვა მაღალი ხარისხის რძის პროდუქტის წარმოების აუცილებელი წინაპირობაა. © FAO / გურამ საყვარელიძე
პროექტის შესახებ
ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.