FAO საქართველოში

FAO-სა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტი ხუთ ქვეყანაში დაინერგა

03/01/2024

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტები კარიბის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში შექმნილი „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის  სისტემის“ (NAITS) აღნიშნულ ქვეყნებში ტრანსფერი და წარმატებით დანერგვა. NAITS-ს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერით.

ამ ეტაპისათვის, NAITS-ი საერთაშორისო მასშტაბით უკვე  დაინერგა:  ანტიგუა და ბარბუდაში, ბარბადოსში, გაიანაში, სენტ-ლუსიაში და სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში. სისტემის დანერგვა მიმდინარეობს კიდევ ორ ქვეყანაში - ჩრდილოეთ მაკედონიასა და მავრიკის კუნძულებზე.

NAITS-ი არის  ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აღრიცხავს საქართველოში კანონით იდენტიფიცირებადი შინაური ცხოველების შესახებ სხვადასხვა მონაცემებს. პროექტი ემსხურება ქვეყანაში სასურსათო რისკების შემცირებას და მეცხოველეობის სექტორში პროდუქტიულობის ზრდას. NAITS-ის მიზანია, ცხოველთა და მათი პროდუქტების მიკვლევადობით, ხელი შეუწყოს ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სურსათის უვნებლობას. ის ეხმარება ფერმერებს, გავიდნენ რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე და შეძლონ ევროკავშირის ბაზრის საიმპორტო მოთხოვნების დაკმაყოფლება. პროგრამა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულებაში.

FAO-ს გუნდი კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სისტემის სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა. განიხილეს NAITS-ის მუშაობის სპეციფიკურობა თითოეულ ქვეყანაში.სისტემა და მისი ანდროიდის აპლიკაცია სამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სხვადასხვა რელევანტურ ინსტიტუციას და პოტენციურ მომხმარებლებს წარუდგინეს.  გამოიკვეთა ის პრიორიტეტებიც, რომელიც  სხვადასხვა ქვეყნისათვის ინდივიდუალურ სისტემურ მიდგომას საჭიროებს. მაგალითად, თუ პროექტი საქართველოში ზოონოზური დაავადებების შემცირების და ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით დაინერგა, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში მას განიხილავენ როგორც მნიშვნელოვან ხელსაწყოს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების აღრიცხვა-კონტრლოისათვის, ადგილობრივ ხელისუფლებას სექტორში ცხოველების მოპარვის პრევენციაშიც დაეხმარება. FAO და NAITS-ი კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების მხარდაჭერას 2024 -2025 წლებშიც განაგრძობენ .

„FAO-ს საქართველოს, ევროპისა და ცენტრალური აზიისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონული და ქვერეგიონული ოფისები შეთანხმდნენ, განაგრძონ თანამშრომლობა და ძალისხმევა სისტემის გავრცელების მიზნით და იმუშაონ მის CARICOM-ის [კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანება] სხვა დაინტერესებულ წევრებს შორის დანერგვაზეც. ეს იქნება შესაძლებლობა, ქვეყნებმა მიაღწიონ ცხოველებისა და ცხოველურ პროდუქტებზე მონაცემთა გაზიარების სრულ რეგიონულ ინტეგრაციას, რაც, სამწუხაროდ, კავკასიის რეგიონში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა“, - განაცხადა FAO-ს მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა დრაგან ანგელოვსკიმ.

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც NAITS-ი დანერგა. პროექტს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგნტო, FAO-ს ტექნიკური და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური დახმარებით. NAITS-ის განხორციელება 2017 წელს დაიწყო; მისი მოხმარება კი 2021 წლიდანაა შესაძლებელი. ამჟამად  NAITS -ის მეორე ფაზა მიმდინარეობს, რაც სისტემის ეროვნულ დონეზე დანერგვასა და მისი სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფას ემსახურება.