როდესაც არაფერი იყრება, ან იკარგება


როგორ ეხმარება კომპოსტირება სამტრედიელ ფერმერს ორგანულ მეურნეობაზე გადასვლაში ჯანსაღი ნიადაგის, უვნებელი პროდუქციისა და შემცირებული ნარჩენებისთვის

Share on Facebook Share on X Share on Linkedin

© FAO / გურამ საყვარელიძე

26/10/2026

დასავლეთ საქართველოში, სამტრედიაში, ნანა ნიკურაძე წიწაკისა და ბადრიჯნის რიგებს შორის დადის იმ მიწაზე, რომელსაც უკვე რვა წელია ამუშავებს. იგი პროფესიით გერმანისტია და არა აგრონომი. მაგრამ მას შემდეგ, რაც მან და მისმა მეუღლემ ბოსტნეულის მოყვანა დაიწყეს, ფერმერობა მისი ძირითადი საქმიანობა გახდა, ხოლო, შემდგომ, მოწოდებაც.

„ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ოჯახისთვის ჯანსაღი პროდუქტი მიმეწოდებინა", ამბობს იგი. მას სამი შვილი ჰყავს. „შემდეგ, მინდოდა, ჯანსაღი პროდუქტები სხვებისთვისაც მიმეწოდებინა".

ნანა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ერთ ჰექტარ მიწას ამუშავებს. მათ მოჰყავთ ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, პომიდორი, ცხარე წიწაკა, მწვანილი, საზამთრო, ნესვი, სიმინდი და სხვა კულტურები. დიდი რაოდენობით მოსავლის აღების შემთხვევაში პროდუქცია ქუთაისის ბაზარზე გააქვთ, ხოლო ნაკლებმოსავლიან წლებში — ადგილობრივ მაღაზიებში აბარებენ.

რვა წლის განმავლობაში ნანა განსხვავებულად მუშაობდა, ვიდრე დღეს. მისი მიდგომა ორი წლის წინ შეიცვალა.

© FAO / გურამ საყვარელიძე

წრის შესაკრავად გადადგმული ნაბიჯები

ნანა შეუერთდა სამტრედიაში მოქმედ ფერმერთა საველე სკოლას, რომელსაც ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, FAO ახორციელებდა. აღნიშნული პლატფრომის შესახებ კი მან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ სემინარზე გაიგო, სადაც მიწვეულები იყვნენ საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებით დაინტერესებული ფერმერები. ის დაინტერესდა სემინარებითა და კონსულტაციებით და ტრენინგებში მონაწილეობა მეორე წელსაც განაგრძო. 

„მართალი გითხრათ, მე ბაზოებს არ ვხმარობდი, მიუხედავად იმისა, რომ წლებია ამ საქმიანობაში ვიყავი ჩართული", ამბობს იგი. „არც მქონდა ბაზოებთან და მულჩირებასთან დაკავშირებით არაფერი გაგონილი".

ნანასთვის ფერმერთა საველე სკოლამ მას ახალი ტექნიკების შესახებ ცოდნაზე მეტიც შესთავაზა. “ჩემთვის პრიორიტეტია განათლებულ ახალგაზრდა ადამიანებთან ერთად მუშაობა, რომლებისგანაც ბევრს ვსწავლობ", ამბობს იგი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ნანა FAO-სთან თანამშრომლობას აგრძელებს და საკუთარ პრაქტიკას სრულყოფს.

წელს მან პირველად დაამზადა საკუთარი კომპოსტი - მცენარეული ნარჩენები, ნამჯა, მწვანე მასა და მისი მცირე მესაქონლეო ფერმის ნაკელი, ერთად შეგროვებული და დამუშავებული, რასაც ის ბიოლოგიურ სასუქს უწოდებს.

„ჩემი მიზანი ეგაა, რომ სასუქები ჯანსაღი, ბიოლოგიური კომპოსტით ჩავანაცვლო", ამბობს იგი, „და კიდევ უფრო ჯანსაღი პროდუქცია მივიღო".

ნანა ასევე აღნიშნავს, რომ ეს ისტორია ნარჩენების შესახებაცაა. მის სოფელში ფერმერები მცენარეულ ნარჩენებს წვავდნენ ხოლმე, ნაცვლად იმისა, რომ ის ნიადაგისთვის სასარგებლო რესურსად გამოეყენებინათ.

„ფაქტიურად, იქ ნადგურდებოდა მიწის, ნიადაგის ბიომასალა. აქტიური, მნიშვნელოვანი მწერებიც ნადგურდებოდნენ", ამბობს ნანა. „ახლა კი ამ ჩვენს ნარჩენებს ვიღებთ და ახალ ენერგიად, ბიოსასუქად ვაქცევთ". რაც ადრე კვამლად იქცეოდა, ახლა ისევ მიწაში ბრუნდება, რაც სასუქზე გასაწევ ხარჯს უმცირებს და, მისი თქმით, უფრო უვნებელ პროდუქციას იძლევა.

მეურნეობა პესტიციდების გარეშე

ნანა თითქმის არ იყენებს პესტიციდებს, ჰერბიციდებსა და ინსექტიციდებს — ნაწილობრივ პრინციპულად, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ფუტკრის რამდენიმე ოჯახი ჰყავს დამტვერვისთვის და მათ საფრთხეში ვერ ჩააგდებს. მავნებლის გაჩენისას, ის და მისი ოჯახი უმალვე იწყებენ მასთან გამკლავებას FAO-ს ფერმერთა საველე სკოლიდან მიღებული ფერომონის მისაწებებლების დახმარებით. წელს განსაკუთრებით შემაწუხებელი ფაროსანა აღმოჩნდა, ის თითქოს იმუნურია იმ ხაფანგების მიმართ, რომლებიც სხვა მავნებლების წინააღმდეგ კარგად მუშაობს.

„ნანასნაირი ფერმერები ყოველ სეზონზე არჩევანის წინაშე დგანან", ამბობს რატი ხარშილაძე, FAO-ს აგრონომიისა და ექსტენციის სპეციალისტი. „ქიმიური საშუალებების გარეშე მოსავლის გარკვეული ნაწილი შესაძლოა დაიკარგოს, მაგრამ სანაცვლოდ ისინი იღებენ უფრო ჯანსაღ ნიადაგს, სასარგებლო მწერებს და პროდუქციას, რომელიც პესტიციდების ნარჩენებისგან თავისუფალია. ეს შედეგი ერთ სეზონში არ გამოჩნდება, მაგრამ წლების განმავლობაში გამოიკვეთება".

ეს ნდობა საკუთარი პროდუქციის მიმართ ღრმად აქვს გათვითცნობიერებული. ნანას აღნიშნავს, რომ მას არაერთხელ მოუკრეფავს ბოსტნეული პირდაპირ ბაღიდან და იქვე უჭამია, რადგან ზუსტად იცის, რომ ის შეუწამლავია.

პროდუქცია, რომელიც სხვანაირად გამოიყურება

მისი პროდუქცია ხშირად არ ჰგავს იმას, რასაც მყიდველი მოელის. „ჩემი ბროკოლი ისეთი დიდი არ არის, როგორიც ქიმიური სასუქით მოყვანილი", ამბობს ნანა. „სამაგიეროდ, საოცარი სურნელი და გემო აქვს". იგივე ეხება საზამთროსა და ნესვსაც — ნაკლებად დიდია, მაგრამ უკეთესი გემოვნური მახასიათებლები აქვს. 

მისი აზრით, გარეგნობის ეს განსხვავება ცნობადობის ნაკლებობას უკავშირდება და სურს, რომ ეს ხარვეზი აღმოიფხვრას — სურსათის უვნებლობის სამსახურების უფრო აქტიური შემოწმებისა და ვერიფიკაციის, ასევე ქიმიური საშუალებების გარეშე მომუშავე ფერმერების მეტი ხილვადი მხარდაჭერის გზით.

ჯაჭვი, და არა ცალკეული რგოლი

სამტრედიის ფერმერთა საველე სკოლამ  ჯამში თითქმის 25 ფერმერი გააერთიანა — ეს იმ ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებით, FAO ახორციელებს, ENPARD IV-ის საველე ტრენინგების ფარგლებში საქართველოში, რომლის მეშვეობითაც უკვე 1,500-ზე მეტი ფერმერია დატრენინგებული. მაგრამ ნანა ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ ტრენინგი საკმარისი არ არის.

„ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც FAO-ა, სახელმწიფო სტრუქტურებთან, ფერმერებთან და შემდეგ მომხმარებელთან ერთად… ეს ერთი შეკრული ჯაჭვი უნდა იყოს", ამბობს იგი.

მას გეგმები აქვს ეს ჯაჭვი კიდევ უფრო გაზარდოს, ნაბიჯ-ნაბიჯ. თავის მიწაზე საბოლოოდ რამდენიმე პატარა სასტუმრო კოტეჯის აშენება სურს და სტუმრების მიღება - ქართველებისა თუ უცხოელების - რათა მათ ნახონ და თავადაც მონაწილეობა მიიღონ სურსათის მოყვანაში. მას წარმოუდგენია, როგორ კრეფენ სტუმრები მასთან ერთად ბოსტნეულს, უყურებენ, როგორ ამზადებს ის ტრადიციულ ქართულ კერძებს ახლახან მოკრეფილი მოსავლისგან და როგორ ცდილობენ თავად, საკუთარი კომპოსტის შექმნასაც კი. 

„ტურისტებს კომპოსტირებას დიდი სიამოვნებით გავაკეთებინებდი. ზოგადად, რასაც კი ვსწავლობ, სხვებსაც სიამოვნებით გავუზიარებდი”, ამბობს ნანა. სასტუმრო კოტეჯებთან ერთად, ის მესაქონლეობის გაზრდას და მცირე ფრინველის ფერმის დამატებასაც გეგმავს - საკმარისს იმისთვის, რომ სტუმრებმა ნახონ, როგორია ცხოვრება ქართულ სოფელში.

„ვფიქრობ, ჯანსაღ, მოვლილ და მოწესრიგებულ სოფელზე დგას ქვეყანა", ამბობს ნანა. „ამიტომ მინდა, ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა ნახონ, რას ნიშნავს სოფელი და რამდენი რამის გაკეთება შეუძლია მას, თუკი მხარდაჭერა ექნება".

© FAO / გურამ საყვარელიძე

პროექტის შესახებ

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.


ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.