General Fisheries Commission for the Mediterranean - GFCM

შავ ზღვაში რაპანის სამეცნიერო კვლევა იწყება

BG | EN | TR

14/10/2020 | თავდაპირველად მიიჩნეოდა რა ზღვის მავნე ორგანიზმად, ამჟამად შავი ზღვის რაპანას ექსპორტი ხორციელდება მსოფლიო მასშტაბით და წარმოადგენს მრავალმილიონიანი დოლარის შემოსავლის წყაროს რეგიონის ზღვისპირა ქვეყნებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეისობით მისი ბუნებრივი გარემოდან ამოღება უახლოვდება დასაშვებ ზღვარს, ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა ერთობლივი ძალისხმევით იწყებენ ამ სახეობის სრულმასშტაბიან კვლევას შავ ზღვაში.

ეს კვლევა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) და პროექტ BlackSea4Fish-ის ფარგლებში ხორციელდება, რეგიონისთვის პირველი ნაბიჯი იქნება ასეთი მნიშვნელოვანი რესურსის რაციონალური მართვის მიმართულებით. 300-ზე მეტი ამოღების შესრულების შემდეგ, კვლევა მოგვცემს შავ ზღვაში რაპანის პოპულაციის გავრცელების, რიცხოვნობის, ზომისა და ასაკობრივი სტრუქტურის შეფასების საშუალებას.

რაპანა (Rapana venosa), რომელიც დასავლეთ წყნარი ოკეანის ადგილობრივ სახეობას წარმოადგენს, შავ ზღვაში გამოჩნდა 1946 წელს ნოვოროსიისკის ყურეში (რუსეთი), რომელიც კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე უფრო დატვირთული ადგილია. მიიჩნევა, რომ რაპანის ტრანსპორტირება მოხდა გემებზე ნიჟარების მოდების გზით. შემდეგ ათწლეულებში, მაშინ, როცა სხვა ბენთოსურმა სახეობებმა განიცადა პოპულაციის ვარდნა ეკოლოგიური პირობების გამო, რაპანის პოპულაცია გაიზარდა, რაც განპირობებული იყო მისი მაღალი ნაყოფიერებით და მარილიანობის, წყლის დანაგვიანებისა და ჟანგბადის უკმარისობისადმი საკმარისი ამტანობით. მისმა მტაცებლურმა ბუნებამ, სხვა კონკურენტი მტაცებელი მუცელფეხებიანების სიმცირემ და პოტენციური ნადავლის სიუხვემ კიდევ უფრო ხელი შეუწყო რაპანის დამკვიდრებას შავ ზღვაში. ამასთანავე, შავ ზღვაში რაპანის გავრცელებასთან ერთად, მკვეთრი შემცირება აღინიშნა ისეთი კომერციული მოლუსკების სახეობებში, რომლითაც იკვევება რაპანა, როგორიცაა ხამანწკები, საგდულიანი ნიჟარები, ორსადგულიანი მოლუსკები და ორკარედიანი ნიჟარები. პარალელურად, 1980-იანი წლების დასაწყისიდან, რაპანის კომერციულად მომგებიანი ბაზარი გაჩნდა შორეულ აღმოსავლეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში და ჩინეთში, სადაც ძვირად ფასობს გაყინული და დამუშავებული რაპანის ხორცი.

2018 წელს GFCM-ის შეფასებებით დადგინდა, რომ რაპანის რეწვა უახლოვდება მაქსიმალური მდგრადი ჭერის (MSY) ზღვარს. ეს მდგომარეობა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა გამოწვევები არსებობს არაადგილობრივი სახეობების (NIS) მართვაში: უნდა იყოს თუ არა სახეობის ეს ბიომასა შენარჩუნებული რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე, რომ შემცირდეს ზიანი ეკოსისტემაზე, თუ იგი უნდა დარჩეს მაღალ დონეზე, რომ მიღებულ იქნეს აღნიშნული ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რესურსის მაქსიმალურად მდგრადი მოსავალი?

Rapa whelk survey in Georgia ©NEA

,,იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია იქნეს მიღებული სახეობებზე, GFCM/42/2018/9 რეკომენდაციის ფარგლებში შემუშავდა კვლევითი პროგრამა“, აღნიშნავს BlackSea4Fish პროექტის კოორდინატორი ნაზლი დემირელი. „ამის საპასუხოდ, პირველად შავი ზღვის რეგიონში, ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთო პროტოკოლის ჩამოსაყალიბებლად ზღვაში სრულმასშტაბიანი სამეცნიერო კვლევის ჩატარების მიზნით, რაც მოგცემს რაპანის ერთიანი მართვის შესაძლებლობას რეგიონში“.

თურქეთის სოფლის მეურნეობისა და ტყის სამინისტროს თევზჭერის კვლევის ცენტრალური ინსტიტუტი (SUMAE) იყო პირველი დაწესებულება იმ ექვსიდან, რომელმაც უკვე ჩაატარა კვლევა. ახლა კი დროა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიწყოს თავის წილი კვლევა, რომელიც მოიცავს 20 სადგურს საქართველოს

 

Rapa whelk survey in Georgia ©NEA

სანაპიროს გასწვრივ და რომელიც განხორციელდება 5 დღის განმავლობაში. გარემოს ეროვნული სააგენტო მუშაობს გარემოსდაცვით საკითხებზე საქართველოში, მათ შორის თევზჭერაზე, და აქტიურად ჩართულია BlackSea4Fish პროექტში მისი დაწყებიდან - 2016 წლიდან.

ეს კვლევები ჩატარდება წელიწადში ორჯერ იმისასთვის, რომ მოხდეს აღნიშნული რესურსის  დროსა (წლიური და სეზონური) და სივრცეში ცვლილების გააზრება.