FAO საქართველოში

NAITS – მეცხოველეობის სექტორში სპეციალიზებული მონაცემების საუკეთესო წყარო

დრაგან ანგელოვსკი, FAO საქართველოს ტექნიკური მრჩეველი. ფოტო: FAO/რუსუდან ფანოზიშვილი
10/04/2023

საქართველოს ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის სისტემა (NAITS) საქართველოს სურსათის  ეროვნულ სააგენტოს ელექტრონული პლატფორმაა. სისტემა აღრიცხავს, ინახავს და აანალიზებს დეტალურ ინფორმაციას იმ ცხოველების შესახებ, რომელთა რეგისტრაციასაც კანონი ითვალისწინებს. მათ შორისაა მონაცემები ცხოველთა ჯანმრთელობის, ადგილმდებარეობის, გადაადგილების, მათზე პასუხისმგებელი პირებისა და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. NAITS-ში ასევე მოცემულია სტატისტიკა სხვადასხვა ტიპის მეურნეობების, მათ შორის, აკავკულტურისა და მეფუტკრეობის სფეროში მომუშავე ფერმერებისა თუ ფერმერთა ორგანიზაციებისა და ასოციციების შესახებ. NAITS-ი 25-ზე მეტი მოდულისგან შედგება და აერთიანებს ასობით მომხმარებელს, მილიონობით მსხვილფეხა საქონლის, ცხვრების, მიუსაფარი ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების შესახებ ინფორმაციას. NAITS-ს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო,გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

NAITS-ის მეორე ფაზა, რომელიც 2022 წელს დაიწყო, მიზნად ისახავს, სისტემაში არსებული ინფორმაცია მეტი მომხმარებლისათვის იყოს ხელმისაწვდომი, ასევე, უზრუნველყოს  სისტემის მდგრადობა, ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობა და სურსათის უვნებლობა.

წლების განმავლობაში, მეცხოველეობის სექტორში NAITS-მა თავი მოუყარა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას და სისტემაში აღრიცხული მონაცემები უკვე დამატებითი მიზნებისთვისაც შეიძლება გამოვიყენოთ: NAITS-ი უკვე არის სანდო, ღირებული და საუკეთესო ინფორმაციის წყარო დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სექტორში არსებული სტატისტიკა დააინტერესებთ, მათ შორის, გეოგრაფიული, პერიოდული, გენდერული, თუ სხვა ტიპის ინდიკატორების მიხედვით.

იმის გასარკვევად, თუ, უფრო კონკრეტულად, რა ტიპის მონაცემების მოძიებაა შესაძლებელი NAITS-ის სისტემაში და როგორ შეგვიძლია ეს მოვახერხოთ, FAO საქართველოს ტექნიკურ მრჩეველს, დრაგან ანგელოვსკის ვესაუბრეთ.

ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის სისტემაში (NAITS), სადაც შინაურ ცხოველთა რეგისტრაცია ხდება, წლების განმავლობაში დაგროვდა მნიშვნელოვანი და საინტერესო ტიპის მონაცემები ქვეყნის მასშტაბით. გვითხარით, რა ტიპის ინფორმაცია შეუძლია მიიღოს NAITS-იდან ფართო საზოგადეობამ, ან დაინტერესებულმა ორგანიზაციამ?

შეგვიძლია ვთქვათ, რომ NAITS-ი აღრიცხავს საქართველოში შინაური ცხოველების სასიცოცხლო ციკლის შესახებ სრულ ინფორმაციას. სისტემა საშუალებას გვაძლევს, სრულად მივაკვლიოთ ცხოველებს – სად იმყოფებიან მოცემულ პერიოდში, რა არის მათი წარმომავლობა, ვინ არის მათზე პასუხისმგებელი პირი მოცემულ მომენტში, ან ვინ იყო წარსულში და როდის შეიცვალა მეპატრონე. NAITS-ში შეგვიძლია ვიპოვოთ მონაცემები ცხოველების გადაადგილებაზეც, მაგალითად, მათ საძოვრებზე, ბაზრებსა თუ სასაკლაოებზე გაგზავნის, ან გაყიდვის შესახებ. სისტემა ასევე აღრიცხავს ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია დაავადებების კონტროლისა და სურსათის უვნებლობის თვალსაზირსით.

თუ მონაცემები კონკრეტულ დაავადებებზე, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არის დარეგისტრირებული, ჩვენ შეგვიძლია, სისტემაში მოვნახოთ, თუ სად გადაადგილდებოდა დაავადებული ცხოველი და რომელ ცხოველებთან ჰქონდა კონტაქტი. ამ ყველაფრის მოძიება გეოგრაფიულ რუკაზე ცხოველების გადაადგილების მიხედვით შეგვიძლია.

მაგალითი რომ მოვიყვანოთ: ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, შეგვიძლია ჩამოვტვირთოთ სტატისტიკა. მაგალითად: 2023 წლის მარტის მონაცემებით, NAITS-ი აღრიცხავს ჯამში 264,677 ფერმერულ მეურნეობას. მათ შორის, 278 აკვაკულტურული მეურნეობაა, 260,124 – საოჯახო მეურნეობა და ა.შ. ასევე, შეგვიძლია გავხსნათ ანგარიში და ვნახოთ, რომ 2023 წლის იანვარ-მარტში, სასაკლაოებზე 40,410 ცხოველი დაიკლა. აქვე ვარკვევთ, რომ, მაგალითად, თეთრიწყაროში დროის ჩვენ მიერ მონიშნულ  მონაკვეთში, 2 641 ცხოველზე განახლდა ინფორმაცია, მათ შორის, ძროხებზე, ცხვრებსა და კამეჩებზე. ხოლო მესტიაში – მხოლოდ 19 ცხოველზე.

სისტემა, ასევე, აღრიცხავს სურსათის ეროვნული სააგენტოს აქტივობებს, მაგალითად, აცრილია თუ არა ცხოველი,  აღებულია თუ არა მათგან ნიმუშები და გაგზავნილია თუ არა ისინი ლაბორატორიაში.

რეალურად, სისტემა გვაძლევს საშუალებას, მივყვეთ უამრავ პროცედურასა თუ მოქმედებას და ის სფეროში ჩართული მხარეების საქმიანობის შეფასებისთვისაც გამოვიყენოთ.

NAITS ასევე აჩვენებს ფერმერების კავშირს მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან (ფერმერთა ასოციაციები და კოოპერატივები) და მოიცავს ინფორმაციის მართვის მანდატის გადაცემის შესაძლებლობას. ეს კი უფლებამოსილი პირების მიერ ორგანიზაციების წევრებისა და მათთან დაკავშირებული შინაური ცხოველების აღრიცხვის შესაძლებლობას იძლევა.

NAITS-ის მეშვეობით, შესაძლებელია სისტემაში მომუშავე პერსონალის მიერ განხორციელებული ქმდებების მოძიება და შესაბამისად მათი ჩართულობის მასშტაბების განსაზღვრა.

მე ვიტყოდი, რომ სისტემას მეცხოველეობის სექტორთან დაკავშირებული ორგანიზაციებისა და პროექტებისთვის ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი. ეს პასუხები კი მათ ვითარების უკეთ აღქმაში, დაგეგმარების გაუმჯობესებაში, აქტივობების დაგეგმვაში, პროგრამის წარმართვაში, მონიტორინგსა და შეფასებაში დაეხმარებათ.

თუ დაინტერესებული ვარ იმ აქტივობებით, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა ფერმებთან დაკავშირებით, შემიძლია ინფორმაცია მოვიძიო სისტემაში ადგილმდებარეობის, პერიოდისა და სხვა მონაცემების მიხედვით?

ისეთი მომხმარებლებისთვის, ვინც NAITS-ში ჩართული არ არის, სისტემა აწარმოებს სტატისტიკურ ანგარიშებს. მათ შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია სახელმწიფო კამპანიების, ან სტატუსის მიხედვით, მაგალითად, რამდენი ცხოველი დაიკლა, რამდენმა ცხოველმა შეიცვალა ლოკაცია მოცემულ პერიოდში. სისტემა საშუალებას იძლევა იმ ტიპის სტატისტიკა დააგენერიროს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის.

მაგალითისათვის, მიწის მართვის სააგენტო დაინტერესებულია ინფორმაციით ცხვრის მესაკუთრე პირების შესახებ, რათა საძოვრები მეცხვარეებს იჯარით მისცეს მათ საკუთრებაში არსებული ცხოველების რაოდენობის მიხედვით. სისტემას ასევე შეუძლია აღრიცხოს, რამდენი ცხვარი გადაადგილდება ამ კონკრეტულ საძოვრებზე. სააგენტოსთან შეთანხმების საფუძველზე NAITS-ს შეუძლია მოამზადოს დამკვეთზე მორგებული, ინდივიდუალური სტატისტიკური ანგარიში და შეტყობინებებიც გაუგზავნოს მას.

უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს პერსონალური ინფორმაცია, რომელიც  ყველა მომხმარებლისთვის ღია ვერ იქნება. მაგალითად, გარე მომხმარებლები ვერ შეძლებენ მიაკვლიონ რომელიმე კონკრეტული ფერმის ან ცხოველზე პასუხისმგებელი პირის შესახებ პერსონალურ მონაცემებს.

ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ორგანიზაციამ უკვე მიმართა NAITS-ს მსგავსი მონაცემების მოთხოვნით?

გასულ წელს გვქონდა ასეთი მაგალითი: FAO-GEF პროექტის ფარგლებში, რომელიც REC Caucasus-ის ოპერაციული პარტნიორობით ხორციელდებოდა, დასჭირდათ სამიზნე მუნიციპალიტეტებში ქალი ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. პროექტის ინდიკატორულ სამიზნე ჯგუფებში გაწერილია ქალი ბენეფიციარების კონკრეტული რაოდენობა. თუმცა, ეროვნული სტატისტიკიდან არ იყო შესაძლებელი იმ რიცხვის გამოყოფა, რომელიც ცხოველებზე პასუხისმგებელ პირებს შორის ქალებს აღრიცხავდა. ეს ვერ მოხერხდა ტრენინგების დასწრების აღრიცხვითაც – დამსწრეთა დიდი ნაწილი კაცი იყო, თუმცა, ეს არ ცვლიდა ფაქტს რომ ქალებიც არიან შინაურ ცხოველებზე პასუხისმგებელი პირები. ამიტომ, ამ მოცემულობის გასარკვევად, გადავწყვიტეთ მოგვეძიებინა იმ ქალების რიცხვი, ვინც შინაური ცხოველებისთვის საძოვრებს იყენებს. რადგანაც NAITS-ი არეგისტრირებს ცხოველებზე პასუხისმგებელი ადამიანის სქესს, ჩვენ შევამოწმეთ მიზნობრივ საძოვრებთან არსებულ სოფლებში ცხოველებზე პასუხისმგებელი პირები და, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოვავლინეთ ამ ადგილებში მესაქონლეობის სექტორში ჩართული ქალების რაოდენობა. საინტერესოა, რომ საკმაოდ შერეული შედეგები მივიღეთ.  საქართველოს ზოგიერთ რეგიონში  შინაური ცხოველების მესაკუთრე საკმაოდ ბევრი ქალი იყო, ზოგიერთ რეგიონში კი პირიქით – ნაკლები. მაგალითად, სნოში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) შინაურ ცხოველებზე პასუხისმგებელი პირების 41% ქალებმა შეადგინეს, ხოლო იგივე მონაცემი მელაანსა და ნანიანში (კახეთის რეგიონი) მხოლოდ 10% იყო.  

ამ სტატისტიკის ანალიზით ბევრ ორგანიზაციას შეუძლია საინტერესო დასკვნები გამოიტანოს და სხვადასხვა საქმეში გამოიყენოს.

თუ მე წარმოვადგენ ორგანიზაციას, როგორ შემიძლია დაგიკავშირდეთ და რამდენად მალე მივიღებ ინფორმაციას?

პირველ რიგში, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ვგეგმავთ, რომ ვთხოვოთ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასა და პროექტს, გაგვაცნონ, რა ტიპის მონაცემები სჭირდებათ. ამ კომუნიკაციის შემდეგ, გავავითარებთ რეპორტინგის სისტემას, რომელიც დაინტერესებული მხარეებისთვის ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი ისე, რომ ისინი კიდევ უფრო დეტალური მონაცემების გენერირებასაც შეძლებენ. მაგალითად, თუ გვეცოდინება, რა ინდიკატორები აინტერესებთ ორგანიზაციებს,  ამ ტიპის ინფორმაციას კონკრეტული პერიოდისა და ლოკაციების მიხედვით, ონლაინ რეჟიმში ხელმისაწვდომს გავხდით.

ვიდრე ჩვენი პროექტი მიმდინარეობს, დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ გაუგზავნონ მოთხოვნა სურსათის ეროვნულ სააგენტოს. თუ ამ მოთხოვნის შესაბამისი ინფორმაცია არ იქნება NAITS-ის რეპორტინგის სისტემაში, სააგენტო მათ კონკრეტულ, სპეციალიზებულ სტატისტიკას მოუგროვებს. არსებობს გარკვეული ტიპის ინფორმაციაც, რომელიც NAITS-ს დამოუკიდებლედაც შეუძლია მიაწოდოს ორგანიზაციებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები პერსონალურ ინფორმაციას არ შეიცავს.