FAO საქართველოში

ევროკავშირი და FAO სურსათის უვნებლობის გასაუმჯობესებლად რისკის შეფასებაზე დაფუძნებულ ინსპექტირებას უწყობს ხელს

05/06/2023

2023 წლის მაისის თვეში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO-ს რისკის შეფასებაზე დაფუძნებული კონტროლის საერთაშორისო სპეციალისტი, ალბერტო მანტოვანი ეწვია საქართველოს. მოწვეულმა ექსპერტმა, ტრენინგები ჩაუტარა სურსათის ეროვნული სააგენტოს (NFA), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (SRCA) და შემოსავლების სამსახურის (RS) თანამშრომლებს. ინტერაქტიული საგანმანათლებო შეხვედრების ძირითადი თემა ქიმიური საფრთხეები იყო. ტრენინგები სურსათის ინსპექტორთა უნარების გაძლიერებას ემსახურებოდა, რისკის შეფასებაზე დაფუძნებული მაკონტროლებელი მექანიზმების თანმიმდევრული განხორციელებისთვის. საგანმანათლებლო პროგრამის კიდევ ერთი მიზანს  SRCA-ის რისკის შეფასების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობაც წარმოადგენდა.  

ინტერაქტიულ ტრენინგებზე, მონაწილეებმა, საქართველოს სასურსათო სისტემაში არსებულ ქიმიურ საფრთხეებზე ისაუბრეს. პრეზენტაციები და დისკუსიები სურსათის მეწარმე ბიზნეს ოპერატორებზე იყო ფოკუსირებული. მართლაც, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად, ქიმიური რისკის შეფასებაზე დაფუძნებული ინსპექტირების მექანიზმები აუცილებელია სურსათის უვნებლობის ეროვნული ორგანოებისთვის. 

„FAO და ევროკავშირი განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების მხრივ. ქიმიური საფრთხეების რისკის შეფასებაზე დაფუძნებული კონტროლი მნიშვნელოვანია უვნებელი სურსათის წარმოების, მოხმარებისა, და ვაჭრობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, რისკზე დაფუძნებული კონტროლი კომპლექსური პროცედურაა, რომელიც მხარეთა შორის კოორდინაციას მოითხოვს, მათ შორის სურსათის მეწარმე ბიზნეს ოპერატორების მხრიდან. მოხარული ვართ ხელი შევუწყოთ ამ ადამიანის ჯანმრთელობისა და ეკოლოგიისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესს“, განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა ხავიერ სანს ალვარესმა.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს საჯარო სექტორს, სურსათის უვნებლობის ეროვნულ დონეზე განვითარებაში. ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის თანმიმდევრულად განხორციელების მიზნით, ხელს ვუწყობთ,  ამ დარგში წარმატებული მეთოდებისა და მიგნებების გაზიარებას. აღნიშნული პროცესის მეშვეობით, შესაძლოა ქვეყანაში კვება და ამავდროულად კერძო სექტორის წარმოების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, რაც გააჩენს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საერთაშორისო რუკაზე, საქართველოს სასურსათო ჯაჭვების დაამკვიდრებას შუწყობს ხელს“. განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელმა, დომინიკ პაპენჰეიმმა.

ევროკავშირის ხელშეწყობით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO სურსათის უვნებლობაზე საჯარო სექტორის წარმომადგენლებისა და ფერმერებისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს. ორგანიზაციამ უკვე სამი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელა, რომლებსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მისი სააგენტოების და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების დაახლოებით 100 თანამშრომელი დაესწრო. ამასთანავე, FAO-ს ექსტენციის გუნდმა, 150 ტრენინგი ჩაატარა ფერმერებისთვის და აგროსურსათის მომწოდებლებისთვის. ორგანიზაციის აგრონომებმა და ვეტერინარებმა, სურსათის უვნებლობაზე და აგრონომიაში ცოდნა 730 ადამიანს გაუზიარეს, რძის უვნებელი პროდუქტის წარმოებაზე კი 795 ფერმერს. 

___

2013 წლიდან, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. ENPARD პროგრამის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობაში და მის მიღმა. 2023 წლიდან, პროგრამა უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე.