FAO საქართველოში

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე საქართველოში

ფოტო: FAO/დავით ხელაშვილი
07/06/2023

არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ ან რას საქმიანობ, შენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვს უვნებელი და ჯანსაღი სურსათის წარმოებაში.

7 ივნისს მსოფლიოში სურსათის უვნებლობის დღე აღინიშნა, რომელიც, ხუთი წლის წინ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დააარსეს.

წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის მთავარი თემაა „სურსათის სტანადრტები - სიცოცხლის დასაცავად“. ამ მოწოდებით,სურსათის ეროვნული სააგენტო, FAO საქართველო, WHO საქართველო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდნენ და, პარტნიორებთან და დონორებთან ერთად, მასშტაბურად აღნიშნეს ეს დღე.

ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების და მათი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე წელს ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას სურსათით გამოწვეული დაავადებების რისკების შემცირებისა და მათი თავიდან აცილების გზებისაკენ,  რასაც, თავის მხრივ, გავლენის მოხდენა შეუძლია სურსათის უსაფრთხოებაზე,  ადამიანთა ჯანმრთელობზე, ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო, ტურისტულ და მდგრად განვითარებაზე.

ამ დღის აღსანიშნავად, თბილისში ორი ძირითადი ღონისძიება ჩატარდა, რომელთა სამიზნე ჯგუფებიც სხვადასხვა ტიპისა და ასაკის აუდიტორია იყო, მათ შორის, ბავშვები და სტუდენტები, რომლებიც სურსათის წარმოების, უვნებლობის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სწავლობენ.  

7 ივნისს, ღონისძიების ორგანიზატორები მოწვეულ სტუმრებთან ერთად რიყის პარკში შეიკრიბნენ, სადაც თემატური საინფორმაციო და საბავშვო აქტივობები გაიმართა. მეწარმეების მონაწილეობით კი აგრობაზარი მოეწყო. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელებმა საქართველოში.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო  წელსაც უერთდება  სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღნიშვნას. სურსათის უვნებლობის  მიმართ  სახელმწიფოს მიდგომა არის კომპლექსური და მოიცავს  ყველა  რგოლს - მწარმოებლის,  მომხმარებლის,  სახელმწიფო უწყებების ჩართულობას. წელს მთავარი გზავნილი არის „სურსათის სტანდარტები სიცოცხლის დასაცავად“.  მომხმარებლის  ინტერესების და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით  ჩვენი პოლიტიკის ამოსავალი წერტილია სისტემური მიდგომა და სტანდარტიზაცია. ასეთი დღეების მიზანია და ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

„სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება და მუდმივი განვითარება ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წამოადგენს. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, მოვუწოდებთ მეწარმეებს, მომხმარებლებსა და მთავრობებს, გაიაზრონ საერთო პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობაზე. FAO-ს ათწლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც მოიცავს ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტებს: უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი ცხოვრება - ნამდვილად დიდ როლს თამაშობს 2030 წლისთვის მდგრადი განვითრების მიზნების (SDGs) მიღწევაში. სურსათის უვნებლობა ამ მიზნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ. 

დღის მეორე ნახევარში კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტთან თანამშრომლობით, სტუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია „სურსათის უვნებლობა ყველას საქმეა“. 

 

სტუ-ს სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრებისთვის, ერთობლივი ლექცია ჩაატარეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა პაატა იმნაძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის მენეჯერმა მიხეილ სოხაძემ, რომელიც პროექტს „ცხოველთა ეროვნული რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემა“ (NAITS) წარმოადგენს. ლექციის ერთი ნაწილი ზოონოზურ და საკვებთან ასოცირებულ ინფექციებს, ხოლო მეორე სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებისთვის ცხოველური წარმოშობის საკვების მიკვლევადობისა და "ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპის დაცვის მნიშვნელობას დაეთმო.

FAO-ს მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში ათიდან ერთი ადამიანი საკვებით იწამლება. ბაქტერიით, ვირუსით, პარაზიტით ან ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული საკვების მიღება ადამიანში 200-მდე დაავადებას იწვევს. საკვებით გამოწვეული დაავადებების 40 პროცენტი ხუთ წელზე მცირე ასაკის ბავშვებზე მოდის, მაშინ როცა ისინი მსოფლიო მოსახლეობის 9 პროცენტს შეადგენენ. WHO-ს მონაცემებით, დღეში, საშუალოდ, 1 600 000 ადამიანი ავადდება მავნე საკვებით.

“მავნე საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს გადამდები და არაგადამდები დაავადებები. ის დაავადებისა და არასწორი კვების მანკიერ წრეს ქმნის, რაც,  განსაკუთრებით აზიანებს ჩვილებს, მცირეწლოვან ბავშვებს, მოხუცებსა და დაავადების მქონე ადამიანებს. სურსათის უვნებლობას, ერთი მხრივ,  წვლილი შეაქვს საკვებისა და ნუტრიენტების უზრუნველყოფაში, მეორე მხრივ კი დადებით გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, ტურიზმზე და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას“, - განაცადა სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში.

სურსათის უვნებლობის სტანდარტები, გარდა იმისა, რომ მომხმარებლებისათვის სურსათის უვნებლობის კრიტერიუმებს განსაზღვრავს, მთლიანობაში, ადამიანების სიცოცხლეს იცავს და ბევრი მათგანის კეთილდღეობასაც განსაზღვრავს.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მხრდამჭერნი არიან  ევროკავშირი, ჩეხეთის განვითარების სააგენტო, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.