FAO საქართველოში

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის მუშაობას აფასებენ

01/03/2024

ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემის (NAITS) მუშაობასა და მიღწეული შედეგებს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ. პროექტის დონორი ორგანიზაციების -  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონს ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა შეხვდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ სისტემა NAITS-ში ჩართულ ფერმერებს, ვეტერინარებსა და ოპერატორებს და გაეცნენ ელექტრონული სისტემის მუშაობის სპეციფიკას.

NAITS-ი არის სურსათის ეროვნული სააგენტოს  ელექტრონული სისტემა, რომელიც შემუშავდა და ამოქმედდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს ტექნიკური დახმარებით. სისტემა აერთიანებს ინფორმაციას შინაური ცხოველების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებასაც კანონი ითვალისწინებს; ასევე, მათი  ადგილსამყოფელის, განხორციელებული მანიპულაციებისა და მფლობელებისა თუ პასუხისმგებელი პირების შესახებ მონაცემებს. პროექტი NAITS-ი საქართველოში ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობას ემსახურება და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულებაში.

ორგანიზაციების წარმომადგენლები სურსათის ეროვნულ სააგენტოს შიდა ქართლის ოფისის პერსონალს და ვეტერინარებს შეხვდნენ ვინც შინაური ცხოველების შესახებ მონაცემებს სამთავრობო პროგრამებისთვის აღრიცხავს. გორის მუნიციპალიტეტში, კვერნაკის დასახლებაში ადგილობრივ ფერმაში კი სტუმრებს ფერმერმა და ვეტერინარებმა საველე პირობებში შინაური ცხოველის საყურე ნიშნით მონიშვნისა და მის შესახებ მონაცემების ონლაინ აღრიცხვის პროცესი აჩვენეს. დელეგაცია ასევე ეწვია შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს, სადაც NAITS-ი გამოიყენება მიუსაფარ ცხოველთა მართვის პოპულაციისა და მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აქტივობების, მათ შორის, ცოფის ვაქცინაციის აღრიცხვისთვის - რაც ცხოველთა პოპულაციის მართვისა და კონტროლის სტრატეგიების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

“მოხარული ვართ, რომ ჩვენი პროექტით ვეხმარებით საქართველოს ერთიანი სისტემის შემუშავებაში, რომელიც უზრუნველყოფს პირუტყვის ჯანმრთელობას, სურსათის უვნებლობასა და, შესაბამისად, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. პროექტის ფარგლებში, გადამზადდებიან ადგილობრივი ფერმერები, სურსათის ეროვნული სააგენტოს ოპერატორები და ყველა, ვინც ამ სისტემის განახლებაზე იმუშავებს. ჩვენ გვწამს, რომ ერთიანი სისტემა დაეხმარება ადგილობრივ ფერმერებს, გაზარდონ შემოსავალი”, - განაცხადა ბარბარა ბიონიმ, შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონული ხელმძღვანელი, შვეიცარიის საელჩო საქართველოში.

“ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მისი ინსტიტუტებისა და საჯარო მართვის სისტემების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით. NAITS არის მრავალფუნქციური სისტემის შესანიშნავი მაგალითი, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უსაფრთხოებასა და ცხოველთა კეთილდღეობას საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობით.” - განაცხადა ალექსანდერ კარნერმა, საქართველოში ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა.

“NAITS-ი ინსტუტიცებს შორის ეფექტური თანამშრომლობისა და დაინტერესებული მხარეების ჩართლობის კარგი მაგალითია, რაც საერთაშორისო განვითარების სექტორისგან მთავრობის ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და დაფინანსების შედეგია. მოხარულნი ვართ, რომ დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესებული არიან პროექტის შედეგებით და მუშაობით. მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებისთვის, რასაც დიდი როლი ენიჭება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა დრაგან ანგელოვსკიმ, FAO საქართველოს ტექნიკურმა მრჩეველმა.