FAO საქართველოში

ბაქტერიოფაგები: ჯანსაღი ეკოსისტემის გარანტი

ფოტო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
03/10/2023

პროფ. დავით ფრანგიშვილის საჯარო ლექცია და მეცნიერებისა და ინოვაციის დღე საქართველოში 

3 ოქტომბერს, მეცნიერებისა და ინოვაციის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით, გაიმართა პროფესორ დავით ფრანგიშვილის საჯარო ლექცია თემაზე „ბაქტერიოფაგები: ჯანსაღი ეკოსისტემის გარანტი“ და დისკუსია მოწვეული მეცნიერების ჩართულობით.

ამ ღონისძიებით საქართველო შეუერთდა FAO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებლ მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულს. ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, თანაორგანიზატორები იყვნენ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია.

მეცნიერებსა და დაინტერესებულ სტუდენტებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლბი, თსუ-ს რექტორი, FAO-სა და WHO-ს საქართველოს ოფისების წარმომადგენლები.

ვირუსოლოგი, პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი, თსუ-ს მოწვეული პროფესორი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი დავით ფრანგიშვილი საჯარო ლექციაზე შეეხო ბაქტერიოფაგების როლს  ბუნებაში, მათ გავლენას მიკრობულ პოპულაციებზე ადამიანის ორგანიზმში და გენ-მოდიფიცირებული ბაქტერიოფაგების ეფექტურობას ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებაში. პანელურ დისკუსიაზე მეცნიერებმა ასევე იმსჯელეს ბაქტერიოფაგების პრაქტიკული გამოყენების შესახებ ვეტერინარიაში და აგროსასურსათო სისტემებში.

პროფსორ დავით ფრანგიშვილთან ერთად, ბაქტერიოფაგების შესახებ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი მზია ქუთათელაძე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ელიავას სახელობის ინსტიტუტის მიკრობული ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის უფროსი, პროფესორი ნინო ჭანიშვილი, FAO-საქართველოს ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) პროგრამის მენეჯერი, ვეტერინარი მიხეილ სოხაძე.

 

გაეროს “ერთიანი ჯამრთელობის” (One Health) კონცეფციის რეალიზებისთვის, რომელიც  ადამიანის, ცხოველისა და გარემოს დაბალანსებულ თანაარსებობას გულისხმობს, მნიშვნლოვანი ადგილი უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციების მხარდაჭერას უკავია. ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO საქართველოში მხარს უჭერს ვეტერინარული ბაქტერიოფაგების წარმოებას, რაც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული. მსოფლიოში ბაქტერიოფაგების მნიშვნელობის აღიარებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში დაგროვილ ფართო სამეცნიერო ცოდნას ბაქტერიოფაგების შესახებ, რომლის კვლევაც ქვეყანაში ზუსტად 100 წლის წინ, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაარსებით დაიწყო.

 

„ჩვენი მანდატის უკეთ განსახორციელებლად, 2022 წელს, FAO-მ შეიმუშავა მეცნიერებისა და ინოვაციის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციული სტრატეგია. სტრატეგიის მიზანია მდგრადი განვითარების მხარაჭერა მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და ინოვაციის მხარდაჭერით. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა  ხელს შეუწყობს ინფორმაციის გავრცელებას, ბაქტერიოფაგების ტექნოლოგიის ახალ ჭრილში დანახვას, მომავალი მეცნიერების დაინტერესებასა და ინოვაციების აქსელერაციას სექტორში“, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, მამუკა მესხმა.

 

„დღევანდელი საუბარი შეეხებოდა საკითხს,  რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. მაგალითისთვის, წელს ჩატარებულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ის დასახელდა 10  ყველაზე უფრო პერსპექტიულ მომავლის ტექნოლოგიას შორის. ესაა ხელოვნურად მოდიფიცირებული ბაქტერიოფაგების გამოყენება ადამიანების, მცნარეებისა და ცხოველების ჯამრთელობის დასაცავად. ამ მიმათულებით, საქართველოში ძალიან დიდი გამოცდილებაა დაგროვილი, კერძოდ, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიუტში. ქართული გამოცდილება შეხება ბუნებაში არსებული ბაქტერიოფაგების გამოყენებას ჯანმრთელობის პრობლემებს მოსაგვარებლად, მაგრამ ის ასევე ღირებულია ხელოვნურად მოდიფიცირებული   ბაქტერიების გამოყენებისათვის უფრო დიდ მასშტაბში, ვიდრე კონკრეტულად სპეციფიკურ პათოგენებთან ბრძოლაა“, - განაცხადა პროფესორმა დავით ფრანგიშვილმა.