FAO საქართველოში

მსოფლიო სურსათის დღე 2023 ზუგდიდში აღინიშნა

ფოტო: FAO/თემურ ბართავა
16/10/2023

16 ოქტომბერს, ზუგდიდში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერიასთან თანამშრომლობით აღნიშნა მსოფლიო სურსათის დღე საქართველოში.

მსოფლიო სურსათის დღე – FAO-ს დაარსების დღე – გაეროს ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და ყოველ წელს მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღინიშნება. წელს ამ დღის მთავარი გზავნილი წყლის, როგორც სასიცოცხლო რესურსის დაცვაა, რადგან ის ადამიანის, ბუნებისა და ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილია, მტკნარი წყალი კი  – ამოწურვადი რესურსი.

ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ბაღში, ფერმერთა აგრარული ბაზარი, ხორბლისა და პურის გამოფენა, სურსათის უვნებლობის, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ საინფორმაციო კუთხეები მოეწყო; გაიმართა სახალისო საინფორმაციო აქტივობები ბავშვებისთვის და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლბის მონაწილეობით. ღონისძიებაზე ასევე შედგა მოკლე დოკუმენტური ფილმის ჩვენება „სურსათის გმირის“  შესახებ, რომელსაც, ყოველწლიურად, მსოფლიო სურსათის დღის ფარგლებში, FAO მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ავლენს.  წელს „სურსათის გმირი“ საქართვლოდან ფერმერი ავთნდილ მარაქველიძეა, რომელიც სოფლის მეურნეობაში კლიმატგონივრულ მეთოდებს და თანამდროვე ტექნოლოგიებს წარმატებით იყენებს, როგორიცაა, მაგალითად, მულჩირება და წვეთოვანი საირიგაციო სისტემა.  

აგრარულ ბაზარზე ფერმერებმა წარმოადგინეს ადგილობრივი პროდუქცია, მათ შორის, რძის ნაწარმი, თაფლი, ჩირი, ქართული პური და სხვადასხვა ნიშური პროდუქტი. საინფორმაციო კუთხეებში სტუმრები გაეცნენ სიახლეებსა და მნიშვნელოვან ინფორმაციას საქართველოში სასურსათო ჯაჭვისა და ხორცპროდუქტების მიკვლევდობის სისტემის, ასევე, სურსათის ნარჩენის შემცირებისა და დონაციის შესახებ. „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN)” პარტნიორობით კი მოეწყო შემეცნებითი პროგრამა და თამაში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომელიც წყლის რესურსებს და მათ დაცვას შეეხებოდა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, FAO-ს, ევროკავშირის, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, ავსტრიის გავითარების სააგენტოს და სხვა პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეწარმეები და სხვა მოწვეული სტუმრები.

“FAO-ის მიზანია აგრო-სასურსათო სისტემებში წყლის მდგრადი მოხმარების წახალისება, რათა უზრუნველვყოთ უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი ცხოვრება. ამ მიზნების მისაღწევად, ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ მთავრობებთან, კერძო სექტორთან, აკადემიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და გავიღოთ მეტი ინვესტიცია მდგრადი განვითარებისთვის წყლის რესურსების ინტეგრირებულ მენეჯმენტში, უზრუნველვყოთ წყლის სამართლიანი, მდგრადი და ეკონომიკურად მომგებიანი გამოყენება; აღვჭურვოთ ფერმერები წყლის მდგრადი მართვის სწორი ინსტრუმენტებით. ყველამ უნდა დავაფასოთ წყალი იმ საკვების გამო, რომელსაც ის გვაძლევს და პლანეტის გამო, რომელსაც კვებავს“, – განაცხადა რაიმუნდ  იელემ, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში.

„სიმბოლურია, რომ წელს სწორედ წყლის რესურსის გარშემო ვერთიანდებით და ამ დღეს  პარლამენტის მიერ მიღებული წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონით ვხვდებით.  კანონით, რომლის მიზანია ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, სუფთა წყალთან მოქალაქეთა წვდომის უფლებას, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისად, წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებას“, – განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

„FAO-ს სურსათის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად,  სხვადასხვა რეგიონში, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად აღვნიშნავთ. ჩვენ ყველას კარგად გვესმის წლევანდელი გზავნილის მნიშვნელობა. წყალი არის რესურსი, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ წყალს და კარგად გავიაზროთ ამ რესურსის დაცვის აუცილებლობა”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და  სოფლის  მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

მსოფლიო სურსათის დღე: „წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები“
ყოველ წელს, მსოფლიო სურსათის დღის ფარგლებში, სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გზავნილების გასავრცელებლად ერთიანდებიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, სამოქალაქო სექტორი, ბიზნესსექტორი, მედია, მოსახლეობა და ახალგაზრდობა.

„წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები“ – ამ გზავნილით, წელს FAO-მ საზოგადოების ყურადღება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსზე გაამახვილა: წყალი პლანეტის ზედაპირის უდიდეს ნაწილს ფარავს, სხეულის თითქმის 50 პროცენტს შეადგენს და ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი განვითარებისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად 2030 დღის  წესრიგის ფარგლებში. თუმცა, მტკნარი წყალი ამოწურვადი რესურსია. თუ მის მოხმარებასთან დაკავშირებით სასწრაფო ზომებს არ მივიღებთ, 2050 წლისათვის, პლანეტის მოსახლეობის ზრდასთან ერთად, წყლის მოხმარება, გლობალურად, შეიძლება, სამჯერ გაიზარდოს. ეს კი ნიშნავს, რომ უკვე სარისკო ზღვარს ვუახლოვდებით. პროდუქტების შეძენისას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, ნაკლები წყლის დახარჯვა და წყალდიდობებისა და დაბინძურების პრევენცია იმ გზებს შორისაა, რითაც შეგვიძლია წყლის დაზოგვასა და პლანეტის კეთილდღეობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ეს აქტივობები მნიშვნელოვანია უკეთესი წარმოების, უკეთესი კვების, უკეთესი გარემოს და უკეთესი ცხოვრების მისაღწევადაც.