FAO საქართველოში

FAO-მ სურსათის ეროვნულ სააგენტოს კალიებთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა

11/03/2024

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოს,  პროგრამის -“კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეროვნულ და რეგიონულ დონეზე” ფარგლებში, მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა, რაც დიდ ფართობზე კალიების მონიტორინგის ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.პროექტის ფინანსური მხარდამჭერია USAID-ი. .

ტექნიკის გადაცემა და მისი გამოცდა კახეთის რეგიონში, საველე პირობებში განხორციელდა. ღონისძიებას FAO-ს, USAID-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ზურაბ ჩეკურაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლების მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ წლებია აქტიურად ვთანამშრომლობთ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში დაიხვეწა მავნებლის მონიტორინგის სისტემა,დაინერგა შესხურების თანამედროვე მეთოდები, ასევე გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალური შემცირების მიზნით გამოიცადა მაღალეფექტური ბიოლოგიური პრპერატები. ყველაფერი ერტად ხელს უწყობს კალიების პოპულაციის მართვას და მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო ზარალის თავიდან აცილებას“,  - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

“აღნიშნული პროგრამის მიზანია, რეგიონში კალიების შემცირება ისე, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს მოსავალს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სურსათის უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყოს ხელი. პროექტი  ასევე ფოკუსირდება რეგიონულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, პესტიციდების გამოყენების რისკის შემცირებაზე რეგიონის ქვეყნებში. მოხაული მოხარული ვართ, რომ ამ მიმართულებით, FAO-ს მხარდაჭერით, საქართველოში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე მეთოდი და პრაქტიკა დანერგა”, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, მამუკა მესხმა.

კალიები საფრთხეს უქმნის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სოფლის მეურნეობას, რაც სასურსათო უსაფრთხოების პრობლემაა. საქართველოში, ძირითადად, გავრცელებულია იტალიური და მაროკოული კალია, რომლებსაც მასიურად გამრავლების და სწრაფად გადაადგილების უნარი აქვს.

პროგრამა „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეროვნულ და რეგიონულ დონეზე “, საქართველოში 2011 წლიდან ხორციელდება. FAO-ს მხარდაჭერით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დანერგა შესხურების თანამედროვე მეთოდები, რაც გულისხმობს ქიმიური პრეპარატის მცირე მოცულობით გამოყენებას.  კალიების წინააღმდეგ გამოიცადა ახალი, მაღალეფექტური პრეპარატები, მათ შორის ბიოლოგიური პრეპარატი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია დაცულ ტერიტორიებსა და წყალსატევების სიახლოვეს და რასაც ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოსა და სხვა ორგანიზმებზე მინიმალური ზეგავლენა აქვს.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც 5 წლის განმავლობაში ხორციელდება პესტიციდების ნარჩენების დაშლის მონიტორინგი. FAO-ს მხარდაჭერით საქართველოში ასევე ჩატარდა კალიების მართვასთან დაკავშრებული ტრენინგები საქართველოსა და რეგიონის წარმომადგენლებისთვის და გამოიცა პრაქტიკული სახელმძღვანელოები და სხვადასხვა ინფორმაციული დოკუმენტაცია.

საქართველო პირველია კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, სადაც შემუშავდა და დაინერგა კალიების GIS რეგიონული პროგრამა. მასში აისახება ბენეფიციარი ქვეყნების მიერ კალიების წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები და შედეგები, რაც ანალიზისა და  ადრეული პროგნოზის პროცესებს უწყობს ხელს.

კალიების საგაზაფხულო მონიტორინგს და შემდგომში კონტროლის ღონისძიებებს, სააგენტო, წინა წლების მსგავსად, აქტიურად განახორციელებს. შედეგების გათვალისწინებით განისაზღვრება მავნებლის სავარაუდო რიცხოვნობა, გავრცელების არეალი და ინტენსივობა. ბრძოლის ღონისძიებების მომდევნო ეტაპზე ჩატარდება კალიების საწინააღმდეგო წამლობა.