FAO საქართველოში

საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ვიზიტი ხორვატიაში

16/05/2024

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ხორვატიის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მოაწყო სასწავლო ვიზიტი ხორვატიაში საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის 2024 წლის აპრილში. ვიზიტი დაიგეგმა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტისა და ფერმის მართვის სისტემის (LFMS) ფარგლებში. ისინი წარმოადგენს მეცხოველეობის განვითარების ძირითად ელექტრონულ სისტემებს, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას სავალდებულო იდენტიფიცირებადი ცხოველების, მათი მეპატრონეების, ჯანმრთელობასა და წარმოებასთან დაკავშირებული დეტალების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ, რომელიც მოიცავდა FAO-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს, მიიღეს ინფორმაცია ხორვატიის მეცხოველეობის წარმოებასთან დაკავშირებული ინსტიტუტების მუშაობის შესახებ. ხორვატიის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სააგენტოს (HAPIH) მეცხოველეობის ცენტრის ექსპერტებმა განიხილეს ეროვნული ჯიშის გაუმჯობესების საკითხები და შედეგები პროდუქტიულობის, კომერციალიზაციისა და კონკურენტუანრიანობის თვალსაზრისით. ვიზიტის მონაწილეებმა, ასევე, მიიღეს დეტალური ინფორმაცია პირუტყვის მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ცხოველთა შერჩევისა და სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემების შესახებ, რამაც მათ გაუღრმავა ცოდნა მეცხოველეობის სექტორში ევროკავშირის მსგავსი მიდგომების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია საქართველოდან ასევე ეწვია HAPIH-ის მეცხოველეობის დნმ-ის ანალიზის ლაბორატორიას, სადაც ტარდება ქსოვილის ნიმუშების მოლეკულური ანალიზი წარმოშობისა და ჯიშის დასადგენად, ასევე ნიმუშების შეგროვების პროცედურები გენის ბანკების ეროვნულის ქსელის ფარგლებში.

შეხვედრები ასევე გაიმართა HAPIH-ის სურსათის უვნებლობის ცენტრში, აგრობიომეცნიერების ფაკულტეტზე და ჰოლშტეინის მეცხოველეობის ასოციაციაში, სადაც განიხილეს მეცხოველეობის ასოციაციის როლი და მნიშვნელობა სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მეცხოველეობის პროგრამის განხორციელებაში.  

სასწავლო ვიზიტი დასრულდა HAPIH-ის რძის ხარისხის კონტროლის ცენტრალურ ლაბორატორიაში და ცხოველთა საკვებისა და თაფლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში. ვიზიტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რძის ხარისხის კონტროლის სისტემა და მისი კავშირი სახელმწიფო მხარდაჭერისა და მეცხოველეობის სისტემებთან, სადაც განიხილება რძის ხარისხისა და უსაფრთხოების მიღწეული მაღალი სტანდარტები, იმის გათვალისწინებით, რომ ხორვატიაში წარმოებული რძის 97% არის პირველი ხარისხის.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის ახლადშექმნილ სამმართველოს წევრებმაც. ვიზიტში მონაწილეობით, მათ მიეცათ შესაძლებლობა, გამოიყენონ სასწავლო ვიზიტიდან დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა მეცხოველეობის სექტორის განვითარებისთვის მომავალ საქმიანობაში. ეს მოიცავს საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებასა და დახვეწას, რომელიც ითვალისწინებს მეცხოველეობის პროდუქტიულობის გაუმჯობესებას, მწარმოებლებისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნასა და ევროკავშირთან სრულ დაახლოებას.