FAO საქართველოში

სახელმწიფო ინსტიტუტების სასწავლო ვიზიტი სლოვენიაში ფერმის მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის

24/05/2024

2024 წლის აპრილში, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)  ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები სასწავლო ტურის ფარგლებში სლოვენიის რესპუბლიკას ეწვივნენ.  

სლოვენიისა და საქართველოს სოფლის მურნეობას არაერთი მსგავსება აკავშირებს. სლოვენიის სოფლის მეურნეობა ძირითადად შედგება მცირე ფერმერებისგან, ხოლო ინსტიტუციები მათი პროფესიონალიზმისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე ფოკუსირდება.  სლოვენიის ინსტიტუციური სტრუქტურა მეცხოველეობის სექტორში მრავალ დაინტერესებული მხარეს აერთიანებს. მხარეები მუშაობენ მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზზე, ასევე ინფორმაციის გავრცელებაზე. სლოვენიის გამოცდილება შეიძლება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა გამოიყენონ როგორც მაგალითი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის.

საქართველოდან ვიზიტს უმასპინძლა სლოვენიის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტმა, რომელიც საზოგადოებრივი კვლევითი და პროფესიული დაწესებულებაა. ინსტიტუტი ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სფეროში, სახელმწიფოს მხრიდან სელექციისა და კონტროლის სამუშაოებს. ის ასევე გასცემს შესაბამის ავტორიზაციასა და აკრედიტაციებს და აკონტროლებს სასოფლო-სამეურნეო მარცვლეულის/კულტურებისა და პროდუქტების ხარისხს.

სლოვენიაში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მეცხოველეობის მართვის სფეროში საქართველოში ცოდნის ამაღლება და მეცხოველეობის ფერმის მართვის სისტემის (LFMS) განვითარებისა და ინსტიტუციონალიზაციის მხარდაჭერა. LFMS, თავის მხრივ, დაკავშირებულია ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემასთან (NAITS).

ვიზიტის დროს განიხილეს მეცხოველეობის სექტორის მხარდამჭერი სისტემის ელემენტები, მათ შორის, ეროვნული მეცხოველეობის პროგრამები. განხილული იყო, მაგალითად, პორტალი Govedo.si და მასთან დაკავშირებული აპლიკაციები. ასევე, ვიზიტის ფარგლებში ისაუბრეს ცხოველთა მონაცემების აღრიცხვის სისტემების ისეთი დეტალებზე, როგორიცაა ცხოველთა მოშენება, გენეტიკა და ფიზიკური მონაცემები. აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხება ე.წ ეროვნულ სანაშენე რეესტრში (National Herd Books).  

ქართულ დელეგაციას ასევე საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა სლოვენიაში სხვადასხვა ინსტიტუტს შორის როლების გადანაწილებას - მაგალითად, მეცხოველეობის სექტორში მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზის სფეროში. აღნიშნული მონაცემები გამოიყენება როგორც პოლიტიკის შემუშავებისთვის, ასევე არსებული ფერმერული მეურნეობისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისათვის.

ვიზიტის დროს, ქართული დელეგაცია ასევე გაეცნო მეცხოველეობის სექტორის განვითარების მხარდამჭერი ინსტიტუტებისა (კვლევა, პოლიტის შემუშავება, ცხოველთა ჯანმრთელობა, ფინანსური მხარდაჭერა) და პროფესიულ ორგანოების (სასოფლო-სამეურნეო პალატა, მეცხოველეობის ასოციაციები) მუშაობას, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობა მიეცა, სლოვენიის გამოცდილება განიხილოს და გამოიყენოს ადგილობრივი სააგენტოების გასაძლიერებლად, ფერმერთა პოლიტიკის შემუშავებისა და მცირე ფერმერული მეურნეობის  კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის პროცესში, რაც, თავის მხრივ შეამცირებს მოსახლეობის მიერ სოფლიდან ქალაქში მიგრაციას.

მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეცხოველეობის ფერმის მართვის სისტემის განვითარებას, რომელიც წარმოადგენს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის, მეცხოველეობის ასოციაციებისა და სელექციონერების ძირითად ინსტრუმენტს და ხელს უწყობს საქართველოს მეცხოველეობის დარგის სისტემური განვითარებას.