FAO საქართველოში

უნიკალური ქართული გემო - ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით, აგრობაზარი გაიმართა

ფოტო: დავით ხელაშვილი
27/06/2022

ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, დედაენის ბაღში ორდღიანი აგრარული ბაზარი, სახელწოდებით - „უნიკალური ქართული გემო“ - გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა 40-ზე მეტმა ქართველმა მეწარმემ და ფერმერმა მიიღო. 

ყველი, თაფლი, მურაბები, საწებლები, ფქვილი და ხორცპროდუქტები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქტების, რომლებიც ღონისძიების მონაწილეებმა თავიანთი კუთხეებიდან დასაგემოვნებლად და გასაყიდად თბილისურ ბაზარზე ჩამოიტანეს. ბაზარზე წარმოდგენილი იყო ნიშური აგროპროდუქტები, რომელთა უნიკალურ გემოვნურ თვისებებს მათი ადგილწარმოშობა - ისტორიული, კულტურული თუ ტერიტორიული მახასიათებლები განსაზღვრავს.

ღონისძიების მონაწილე ფერმერები FAO-ს, ევროკავშირის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების ბენეფიციარები არიან. პროექტების ფარგლებში ფერმერთა დახმარება ხორციელდება როგორც აგროგანათლების, ისე საგრანტო თანადაფინანსების კუთხით.

„ეს აგრარული ბაზარი კარგად ასახავს იმ მრავალგანზომილებიან მხარდაჭერას, რომელსაც FAO, ევროკავშირთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, ქართველ ფერმერებს უწევს. აქ წარმოდგენილი უგემრიელესი პროდუქტი შედეგია თანამედროვე და ტრადიციული ცოდნის, პირდაპირი სასოფლო-სამეურნეო ინვესტიციების და ბაზარზე წვდომის შესაძლებლობების, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენი პროექტების ფარგლებში“, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა.

ღონისძიების გახსნას დაესწრნენ FAO-ს, ევროკავშირის და პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელები.

აგრობაზრობა გაიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“.